ისრაელის თავდაცვის მინისტრი: IDF-მ ღაზაში „ჰამასის“ დაცვის ხაზი გაარღვია
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებებით „ჰამასის“ თავდაცვის ხაზი გაარღვიეს.
მისი თქმით, ისრაელელი სამხედროები ჩრდილოეთ ღაზის მიწისზედა ტერიტორიას, განსაკუთრებით კი ქალაქ ღაზას აკონტროლებენ.
„არმიას უფლება მივეცი, განაგრძოს წინსვლა, როგორც დღეს, ასევე უახლოეს დღეებში, რათა შეასრულოს ამოცანები. არ იქნება უსაფრთხო ადგილი [„ჰამასისთვის“] მანამ, სანამ არ დავასრულებთ ჩვენს მისიას და არ დავაბრუნებთ მძევლებს“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელზე „ჰეზბოლას“ განმეორებით თავდასხმებზე, გალანტი ამბობს: „ჩრდილოეთის და სამხრეთის მაცხოვრებლების უსაფრთხოება თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვეცოდინება, რა უნდა გავაკეთოთ ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ“.