გურამ მაჭარაშვილი: ეკონომიკური წინსვლა და უსაფრთხოება ქვეყნიდან წასული ადამიანების სამშობლოში დაბრუნებას უზრუნველყოფს
იმიგრაციისა და ემიგრაციის შესახებ საქსტატის კვლევას, რომლის მიხედვითაც 2025 წელს საქართველოში იმიგრანტების რაოდენობამ ემიგრანტების რაოდენობას გადააჭარბა, გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.
მისი განცხადებით, ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხო გარემო ქმნის იმ პირობებს, რომელიც ემიგრაციაში წასული მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას უწყობს ხელს.
„ეკონომიკური წინსვლა და ქვეყნის უსაფრთხოება, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას იწვევს, უზრუნველყოფს ქვეყნიდან წასული ადამიანების დაბრუნებას. ეს განპირობებულია იმით, რომ აქ არის შესაძლებლობა, მოახდინონ თვითრეალიზაცია და ჰქონდეთ დასაქმების პერსპექტივები. ეს ყველაფერი ეკონომიკურ განვითარებას მოჰყვება, რაც თავისთავად ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის შედეგია,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.