ლევან მაჭავარიანი – საკადრო ცვლილებებზე: ეს არის იდეალური ნაბიჯი ჩვენი გუნდისა და პრემიერის მხრიდან
“ეს არის იდეალური ნაბიჯი ჩვენი გუნდისა და პრემიერის მხრიდან,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
„რამხელა პოლიტიკური რესურსი და ძალა არის მამუკა მდინარაძე, ყველას მოეხსენება და ამ შემთხვევაში ახალი თანამდებობიდან მას საშუალება აქვს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიიღოს. რაც შეეხება გეკა გელაძეს, ვიცით, რომ ერთი წელიც არ ყოფილა ის შს მინისტრის პოზიციაზე და ვნახეთ, რა ეფექტური ნაბიჯები გადადგა ნარკორეალიზატორებისა და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. გეკა გელაძე ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომლის მუშაობა მამუკა მდინარაძემ სხვა სიმაღლეზე აიყვანა.
სულხან თამაზაშვილი, რომელიც ძალიან სტაჟიანი პოლიციელია და ძალიან მაღალი მენეჯერული უნარ-ჩვევები გააჩნია, მაღალ დონეზე გაართმევს ახალ თანამდებობას თავს და თავის მხრივ, მამუკა მდინარაძეც გადააზღვევს მათ, შესაბამისად, ეს [ საკადრო ცვლილებები] არის იდეალური ნაბიჯი ჩვენი გუნდისა და პრემიერის მხრიდან“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.