თამაზ ელიზბარაშვილი: ჩემი შვილიც დაჭრილია, მან ძაღლი დაიცვა – პოლიციას თავად ჩაბარდა
თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული ძაღლების თავშესაფრის დირექტორის, თამაზ ელიზბარაშვილის შვილი, გურამ ელიზბარაშვილია.
თამაზ ელიზბარაშვილის თქმით, ძაღლის სეირნობასთან დაკავშირებით ყაზახეთის მოქალაქეს მისი შვილისთვის შენიშვნა მიუცია, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მისივე თქმით, დაჭრილია მისი შვილი, გურამ ელიზბარაშვილიც, რომელიც პოლიციას თავად ჩაბარდა.
“გურამი ჩემი შვილია, 41 წლის. ოთხი შვილის მამაა.. სახლში ჰყავთ ოთხფეხა ოჯახის წევრი, დეკორატიული ძაღლია, პატარა. დილით რომ გაუყვანია ეს ძაღლი, ვიღაც ყაზახეთის მოქალაქეს შენიშვნა მიუცია, ძაღლს აქ რატომ ასეირნებო, სვრის ეს ძაღლებიო და ფეხი მოუქნევია დეკორატიული ძაღლისთვის… ბუნებრივია, ჩემმა შვილმა დაიცვა ეს ძაღლი… მერე რა მოხდა, მე ძალიან მაინტერესებს, რადგან ჩემი შვილია დაჭრილი ფეხში. ტყვიითაა დაჭრილი და ისიც დაჭრილია, ყაზახი. რა მოხდა, ჩემი შვილი როგორ დაიჭრა, ორმხრივი სროლა იყო თუ რა იყო, გამოძიებას ვთხოვე, მივმართე, რომ კამერების ჩანაწერი გაასაჯაროონ. იარაღი შეიძლება, ჰქონოდა, გაფორმებული იარაღი ექნებოდა… პოლიციას ჩემი შვილი თავად ჩაბარდა”, – განაცხადა ელიზბარაშვილმა ერთ-ერთ მედიასთან საუბრისას.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.