გიორგი აბაშიშვილი: სებ-ის მხრიდან „ჰეშ ბანკისთვის“ ლიცენზიის გაცემა საერთაშორისო სტანდარტებით მოხდა, ყველანაირი აურზაური ამ თემაზე მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული ინსინუაცია და სიყალბეა

კიდევ ერთი ციფრული ბანკისთვის საბანკო საქმიანობის დაწყების ლიცენზიის გაცემა მისასალმებელი ფაქტი და სწორი, დროული გადაწყვეტილებაა. ეროვნულ ბანკს აქვს გამოკვეთილად მაღალი ნდობა და რეპუტაცია. სებ-ის მხრიდან „ჰეშ ბანკისთვის“ ლიცენზიის გაცემა საერთაშორისო სტანდარტებით მოხდა, შესაბამისად, ყველანაირი აურზაური ამ თემაზე მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული ინსინუაცია და სიყალბეა, – ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
„ჰეში“-ს შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეროვნული ბანკი ახორციელებს სწორ პოლიტიკას, რადგან სებ-ი ყოველთვის მოქმედებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან სიფრთხილისთვის და სწორი ზედამხედველობის განხორციელებისთვის ლიცენზია გაიცემა დათქმით, რომლის შესაბამისადაც 7 თვე ციფრული ბანკი მხოლოდ სატესტო რეჟიმში იფუნქციონირებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელების საშუალება შეზღუდული ექნება.
„ეს ძალიან სწორი მიდგომაა. შვიდთვიანი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი საჭიროა იმისათვის, რომ სებ-ის მხრიდან მოხვდეს სრულფასოვანი დაკვირვება, ცენტრალურ ბანკს ჰქონდეს შესაბამისი დრო და ყოველგვარი აჩქარების გარეშე აწარმოოს მონიტორინგი. მსგავსი პრაქტიკა სრულიად მისაღებია, რადგან ეფუძნება წარმატებული ქვეყნების გამოცდილებას. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ, რამდენადაც ვხედავ, ახალი ციფრული ბანკის დამფუძნებლების ვინაობას, მათი კვალიფიკაციის და კომპეტენციის გათვალისწინებით ეჭვი არ მეპარება რომ საცდელ შვიდთვიან პერიოდში „ჰეში“ შეძლებს სალიცენზიო პირობების სწორად შესრულებას და დარწმუნებული ვარ რომ წარმატებით გააგრძელებს რეალურ სივრცეში საქმიანობას“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
მისივე განცხადებით, ეროვნული ბანკი ყოველთვის ახერხებს იყოს მოწინავე ყველა მიმართულებით და მათ შორის არის ციფრული ბანკინგის წარმატებული დანერგვა ჩვენს ქვეყანაში. უკვე მეორე მოთამაშე შემოდის ბაზარზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სექტორში კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის, ხაზს უსვამს ბაზრის მიმზიდველობას.
„ეს არის დადებითი სიგნალი და ღია მესიჯია საერთაშორისო თუ ადგილობრივი ინვესტორებისთვის, რომ ამ სფეროში საქართველოში მიმზიდველი გარემოა. ციფრული ბანკინგის თემა არის ევროპული პრაქტიკის ნაწილი, ვხედავთ, რომ სექტორში კონკურენცია იზრდება და ძლიერდება. ჩვენთვის, ევროკავშირთან მსგავსი მასშტაბის დაახლოების ფონზე, როდესაც დღეებს ვითვლით კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული ბიზნეს პრაქტიკის აქტიურად დანერგვა და ევროპის წარმატებული მაგალითების ათვისება“, – განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოში“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები