ნინო წილოსანი: ჩემთვის გაუგებარია, რა არგუმენტი შეიძლება დასახელდეს, რატომ შეიძლება ჩვენი ოჯახური ღირებულებები უშლიდეს ხელს ევროპაში გაერთიანების პროცესს
“ჩემთვის გაუგებარია, რა არგუმენტი შეიძლება დასახელდეს, რატომ შეიძლება ჩვენი ოჯახური ღირებულებები უშლიდეს ხელს ევროპაში გაერთიანების პროცესს”, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი ნინო წილოსანი დასავლეთის მხრიდან გამჭვირვალობისა და ლგბტ-კანონების გაწვევის მოთხოვნას.
„ჯერ, ჩვენ უნდა აგვიხსნან, რომ ამ ქვეყნის ოჯახური ღირებულებები როგორ მოდის წინააღმდეგობაში ევროკავშირთან და ჩვენი ოჯახები როგორ ან რატომ უპირისპირდება ევროპულ იდეას, რადგან, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის გაუგებარია, რას უშავებს ჩვენი ოჯახები ევროპის იდეას და რატომ არის ეს მოთხოვნა ასეთი გადამწყვეტი და საკვანძო.
წარმოუდგენელია, რატომ შეიძლება შენი პარტნიორი გესაუბრებოდეს ასეთი ულტიმატუმების ენით, როდესაც ერთ მხარეს დგას სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისობაში მიყვანა. ჩვენ უამრავი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტი მოვიყვანეთ წესრიგში იმისთვის, რომ დავახლოებოდით ევროკავშირის პრინციპებსა და სტანდარტებს, მაგრამ მეორეა, როდესაც მოთხოვნაა, რომ საკუთარ იდენტობაზე ან საკუთარი ქვეყნის მოწყობის პრინციპზე გათქმევინონ უარი, გათქმევინონ უარი იმ ტრადიციებზე, იმ ფუნდამენტზე, რითაც ჩვენი ქვეყანა აქამდე მოსულა. რატომ არის ეს ყველაფერი აუცილებელი იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვან და საინტერესო ოჯახში მიგიღონ.
სრულებით გაუგებარია, რატომ შეიძლება გამჭვირვალობის კანონი, რომელიც არის ძალიან რბილი, რომელიც ძალიან მარტივ პრინციპებს მოიცავს და არაფერს აშავებს, რომელიც აქამდე მუშაობს და საფრთხე არ შეუქმნია არცერთი „ენჯეოს“ წარმომადგენლისთვის, რომელიც გაცილებით მძიმე და მკაცრი ფორმებით მუშაობს დასავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში, რატომ უნდა იყოს წინააღმდეგობაში ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესზე?!
„ქართული ოცნება“ ძალიან სამართლიანად მოიქცა როგორც საკუთარი ამომრჩევლის, ისე პარტნიორების მიმართ. ჩვენ არჩევნებამდე დავაანონსეთ და განვაცხადეთ ის პრინციპები, რომელ პოლიტიკასაც ჩვენ გავატარებდით და შესაბამისად, ამ პრინციპებს დაუჭირა მხარი ქართველი ამომრჩევლის აბსოლუტურმა უმრავლესობამ. სწორედ ეს პრინციპები და ღირებულებები იყო რატომაც ქუდზე კაცი დაირაზმა და არჩევნებზე მოვიდა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა “იმედის” ეთერში საუბრისას.