ორბანი ევროკავშირს მოუწოდებს, უკრაინის დახმარების საკითხს გადახედოს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხს უნდა გადახედოს ,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ უკრაინის მომავალი დახმარება ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომლის წინაშეც ევროკავშირი ტრამპის გამარჯვების შემდეგ დგას, რადგან შეერთებულ შტატებთან ერთად, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების უმსხვილესი დონორები არიან.
ორბანმა აღნიშნა, რომ ომის ფინანსურ ტვირთს ევროპა დამოუკიდებლად ვერ იკისრებს.
„ამერიკელები ამ ომს დატოვებენ, პირველ რიგში ისინი არ წაახალისებენ ომს. ევროპა მარტო ვერ დააფინანსებს ომს. ზოგიერთს ჯერ კიდევ სურს, გააგრძელოს უზარმაზარი თანხების გაგზავნა ამ წაგებულ ომში, მაგრამ მათი რიცხვი, ვინც დუმს და ვინც ფრთხილად ამტკიცებს, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ ახალ სიტუაციას, იზრდება“, – აღნიშნა ორბანმა.