აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის ირანის მოქალაქეს და კიდევ ორ პირს ბრალი წაუყენა

წინასაარჩევნო კამპანიის დროს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის ირანის მოქალაქეს და კიდევ ორ ადამიანს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიებაში ფიგურირებენ ირანის 51 წლის მოქალაქე ფარჰად შაქერი, რომელიც თავისუფლებაზე რჩება, ასევე აშშ-ის ორი მოქალაქე – 49 წლის კარლაილ რივერა და 36 წლის ჯონათან ლოუდგოლტი, რომლებიც გუშინ, 7 ნოემბერს, დააკავეს.

მათივე ცნობით, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) შაკერს დაავალა, აშშ-ში ირანის რეჟიმის კრიტიკოსებისთვის თვალყური ედევნებინა და, საჭიროების შემთხვევაში, ისინი გაენადგურებინა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ფარჰად შაკერი ირანის რევოლუციური გვარდიის აგენტია, რომელიც ამჟამად თეირანში ცხოვრობს. ის ბავშვობაში ემიგრაციაში წავიდა შეერთებულ შტატებში და ყაჩაღობის ბრალდებით 2008 წელს ქვეყნიდან გააძევეს, ამიტომ შეთქმულებისთვის მან აშშ-ში მყოფი რივერა და ლოადჰოლტი გამოიყენა.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) შაკერის ამერიკელი თანამზრახველები დააკავა.

ნიუ იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორმა, დემიან უილიამსმა განაცხადა, რომ ირანის მთავრობამ უბრძანა ამ ადამიანებს, სამიზნეში ამოეღოთ აშშ-ის მოქალაქეები, მათ შორის არჩეული პრეზიდენტი ტრამპი, აშშ-ის მიწაზე და მის ფარგლებს გარეთ. ირანელ ფარჰად შაკერისთან ერთად ბრალდებულები არიან ნიუ იორკში მცხოვრები აშშ-ის მოქალაქეები, კარლაილ რივერა და ჯონათან ლოდჰოლტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები