ვილი სანიოლი: რთული თამაშები გველის, თუმცა უნდა დავამტკიცოთ, რომ უკანასკნელი წარმატებები შემთხვევითობა არ ყოფილა
რთული თამაშები გველის, თუმცა უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ადგილი სწორედ ამ დივიზიონშია, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მომავალი შეხვედრების მნიშვნელობასა და მზადების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
„ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ერთი ტიპის ტაქტიკით ვთამაშობდით, ალბანეთთან შეხვედრაში კი გარემოებებიდან გამომდინარე რაღაცების შეცვლა მომიწია. ხშირი ცვლილებების წინააღმდეგი ვარ, რადგან ნაკრებში მოსამზადებლად ფეხბურთელებს მუდამ ცოტა დრო ეძლევათ.
დაცვის ხაზში ბევრი ვეტერანი მოთამაშე გვყავს, თუმცა გამოჩნდა ახალგაზრდა საბა გოგლიჩიძე, რომელიც მომდევნო ორი მატჩიდან მინიმუმ ერთს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. რთული თამაშები გველის, თუმცა უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ადგილი სწორედ ამ დივიზიონშია და უკანასკნელი წარმატებები შემთხვევითობა არ ყოფილა“, – აღნიშნა სანიოლმა.
ცნობისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის გათამაშების ნოემბრის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს ჩვენი გუნდი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება.