„მე დავიბადე და ასე, დღემდე, ვარსებობ მხოლოდ პოეტურ სისხლით“ – თაფლო ზარიძე და „მთვარის ხმის“ სამყარო

„ფერწერა და პოეზია განუყოფელია ერთმანეთისაგან, პოეზიაში ვეძებ ფერწერას, ხოლო ფერწერაში პოეზიას“… – ეს სიტყვები მისი ცხოვრების კრედოა. მისი ლექსებიც ძალიან ჰგავს ნახატებს და პირიქით… სიტყვა და ფერი გვაზიარებენ ხელოვანის ფაქიზ სულთან და პოეზიის გზებით დაგვატარებენ.
მართლაც, მისი ნახატები გამოირჩევა ფერწერის სილამაზით  და ორიგინალური ხედვით.
ხატავს, წერს ლექსებს, ჩანახატებს, ზღაპრებს… მთლიანად თავის სამყაროშია ჩაძირული. 2020 წელს გამოიცა ლექსების კრებული დროზე მეტი ვარ”,  2022 წელს კი ზღაპრების წიგნიიისფერი ბარათები“, რომელიც თავადვე  დაასურათა.

ბოლო დროს  პოეზიის რამდენიმე საღამო და გამოფენა ჰქონდა. –  პოეტისა და მხატვრის, თაფლო ზარიძის პერსონა.

– პირველად რა იყო თქვენს ცხოვრებაში – ხატვა თუ პოეზია?
– ალბათ ორივე ერთად… თუმცა, ხატვა დავიწყე მაშინ, სანამ წერას ვისწავლიდი, სალექსებო განცდებს კი თავიდანვე ვაგროვებდი უნებურად, რაც სამყაროს აღქმა დავიწყე, იქიდან იწყება ჩემი პოეტური მდგომარეობაც და მეხსიერებაც, დღემდე იმ დასაწყისიდან ვსაზრდოობ…
პატარას არ შემეძლო ჩემი გრძნობების სათანადოდ გამოხატვა, ჯერ უნდა გაიზარდოს ადამიანი, დაღვინდეს, ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღოს და შემდეგ დაწეროს…
– როგორ ავსებენ ერთმანეთს ლექსები და ნახატები?
– ჩემი აზრით, ფერწერა და პოეზია განუყოფელია ერთმანეთისაგან, პოეზიაში ვეძებ ფერწერას, ხოლო ფერწერაში პოეზიას… სიტყვა ყველაზე მაღლა დგას, თუმცა, ფერები ხდიან სამყაროს აღქმადს, თანაც თითოეულ ფერს და ტონალობას, თავისი სიღრმე და ფილოსოფია აქვს… ჩემი ლექსი ჯერჯერობით არ დამიხატავს, მაგრამ რასაც ვხატავ, პოეტურად ვასათაურებ…
– 2020 წელს გამოიცა თქვენი ლექსების კრებული – „დროზე მეტი ვარ“.  რატომ ეს სათაური?
– „დროზე მეტი ვარ“ –  ჩემი პირველი ლექსების კრებულია, სათაური ლექსიდანაა აღებული და მიანიშნებს იმაზე, რომ შემოქმედ ადამიანს ვერაფერს აკლებს დრო, ის ნებისმიერ დროში არსებობს. ნამდვილი შემოქმედი ყოველთვის თანამედროვეა, გამუდმებით ხდება შესწავლის საგანი და ამოუწურავია…
დრო ჩემთვის მარადიულობას ნიშნავს, ის სულ იქნება, როგორც ღმერთი…
– როდის წერთ? შთაგონებისთვის რა გჭირდებათ?
– ვწერ მაშინ, როცა ვეღარ ვითმენ, რომ არ ვთქვა, როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მაქვს მოსაყოლი, ეს არც ისე ხშირად ხდება… შთაგონებისთვის მჭირდება პირადი განცდები, რაც თავისთავად მოდის… დასაწერად კი თავისუფალი პირადი სივრცე და განმარტოება მჭირდება.

„მარილისფერი სიმარტოვე“

– ნახატები პოეტური სტრიქონებით არის დასათაურებული: „მთვარის ხმა“, „იების ცა“, „მთათა მანდილი“, „დილის სიმღერა“, „ხორბლის ყანა წითელი ხეებით“, „ყვითელი საღამო“, „ხორბლისფერი ცა“, „ფოსფორის ცა“, „მარილისფერი სიმარტოვე“… იგივე ფერით მეტყველი პოეზიაა… რომელი უფრო სულისმიერია – სიტყვა თუ ფერი?
– ორივე სულისმიერია და გულწრფელი, უბრალოდ, როგორც აღვნიშნე, სიტყვა უფრო მაღლა დგას… ჩემი აზრით, სიტყვით უფრო მნიშვნელოვან სათქმელს ვამბობ, ვიდრე ფერით, თუმცა, ვერც ერთის გარეშე წარმომიდგენია ცხოვრება.
 „მე დავიბადე და ასე, დღემდე, ვარსებობ მხოლოდ პოეტურ სისხლით – რას დაამატებდით თქვენს სტრიქონს?
– აქ მეტს არაფერს დავამტებდი, ეს ისედაც ჩემი მოკლე ბიოგრაფიაა… ეს ნიშნავს, რომ პოეზიას ვუტოლებ ჩემს ყოფას და ამით ყველაფერია ნათქვამი…
-„სინამდვილეში ქალი ლექსია, რომლის წაკითხვაც შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც შეუძლია პოეზიით ტკბობა, ანუ სამყაროში მშვენიერების დანახვა“… – და შეიძლება ისე გავიდეს ცხოვრება, მართლა ვერ წაგიკითხონ…
– პოეზია მშვენიერებაა, ღმერთის ენაა, ნამდვილი ქალიც ყოველგვარი მშვენიერების საწყისია, ნამდვილი საუნჯეა, შესაბამისად, ბევრად მეტია ვიდრე სიტყვა „ქალი“, მას ჩაღრმავება და  გააზრება სჭირდება, რომ არ დარჩეს უფუნქციოდ, ლექსიც ასეა…
– სიმარტოვე და შემოქმედი… რამდენად აუცილებელია მარტოობა ხელოვანისთვის?
– რაღაც მნიშვნელოვანის შექმნა, აუცილებლად მოითხოვს განმარტოებას და საკუთარ თავში ჩაღრმავებას, სხვანაირად უბრალოდ არ გამოდის…
– ერთი ნახატის ან ლექსის ისტორია…
– განსაკუთრებულს ვერაფერს გავიხსენებ, რადგან ყველაფერი, რასაც ვქმნი, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან გძნობებთანაა დაკავშირებული…
–  2022 წელს გამოიცა ზღაპრების წიგნი „იისფერი ბარათები” თქვენივე დასურათებით. რა იყო თქვენი სათქმელი ამ წიგნით?
– ეს ის ზღაპრებია, რომლებსაც დაახლოებით თხუთმეტი წლის მანძილზე, დროდადრო ვწერდი… „იისფერი ბარათები“ ჩემი კეთილი გზავნილია სრულიად სამყაროსადმი, ძალიან დიდი სიყვარულით შევადგინე და დავასურათე, ძალიან მინდოდა, ბავშვებს გულში ჩაეხუტებინათ, მართლაც ჩაიხუტეს…
–  საყვარელი პოეტი, მხატვარი…
– გამიჭირდება ამორჩევა, რადგან ყველა დიდი პოეტი და მხატვარი მიყვარს. რამდენიმეს მაინც დავასახელებ: მირზა გელოვანი, პაოლო იაშვილი, ტერენტი გრანელი…
ესმა ონიანი ისეთივე დიდი პოეტია, როგორც მხატვარი. მხატვრებიდან: ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი,  თენგიზ მირზაშვილი, ბუბა არაბული… რეზო ადამია ძალიან დიდი შემოქმედია და ლადო გუდიაშვილივით, მასაც ეკუთვნის პლანეტა, მზესთან ახლოს…
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ამჟამად, ჩემი მეგობარი მხატვრის და პოეტის, ირმა სვანიძის ლექსების კრებულის შედგენაზე ვმუშაობ, მან შესანიშნავი ლექსები დატოვა წასვლამდე…

–  ერთი ლექსი…
ხომ არ გცივა, მეგობარო

ხომ არ გცივა, მეგობარო,
ხომ არ გშია?
ხომ არ გტკივა დაკარგული
მზის არშია?..

იქნებ შენთან
ბროლისფერი ქარი ბუდობს…
იქნებ გინდა,
დედამიწა დაიბრუნო…

ფანტელები ახლა ზეცას
ფრთებს უქსოვენ…
ალბათ თოვლის ანგელოზნი
შენც გსტუმრობენ…

აქ, შენს საფლავს იცავს ჩიტი
ერთიციდა…
იქნებ ციდან
შენი სული ჩამოფრინდა?..

ხომ არ გცივა, მეგობარო,
ხომ არ გშია?..
ხომ არ გტკივა
დაკარგული მზის არშია?..

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                                                                                    თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები