აფხაზეთის მე-6 საჯარო სკოლაში ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ქუთაისში, ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის №6 საჯარო სკოლაში სპორტული მოედანი გაიხსნა.
ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი – დავით ფაცაცია იმყოფებოდნენ, რომლებმაც ახალი სპორტული მოედანი გახსნეს. რუსლან აბაშიძემ ასევე სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, პირადად გაეცნო არსებულ მდგომარეობას და დირექტორისგან სკოლის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
აფხაზეთის №6 საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე სპორტული მოედანი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტომ, სლოვაკეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საელჩოსგან მოპოვებული გრანტის ფარგლებში მოაწყო.