პორტუგალიის პრემიერმა კორუფციასთან დაკაშირებული სკანდალის ფონზე თანამდებობა დატოვა – პოლიციამ მისი სახლი გაჩხრიკა
კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების ფონზე, პორტუგალიის პრემიერმინისტრმა, ანტონიო კოშტამ თანამდებობა დატოვა.
CNN Portuga-ის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა, მარსელო რებელო დე სოუსამ სახელმწიფო საბჭო მოიწვია.
მანამდე, მის სახლში, ასევე – ქვეყნის ორ სამინისტროში ჩხრეკა ჩატარდა.
გამოძიება უკავშირდება ლითიუმის საბადოების და “მწვანე” წყალბადის პროექტების განვითარების ნებართვის დარღვევებით გაცემის საქმეს.
პოლიციამ დღეს 40-მდე ჩხრეკა ჩაატარა, მათ შორის, პრემიერმინისტრის ოფიციალურ რეზიდენციაში, სან-ბენტოს სასახლეში, ასევე – ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გარემოსა და კლიმატის დაცვის სამინისტროში.
დაკავებულია პრემიერმინისტრის კაბინეტის ხელმძღვანელი, ვიქტორ ესკარია და კოშტისთან დაახლოებული ბიზნესმენი – დიოგო ლასერდოუ მაჩადო.
პორტუგალია ევროპაში ლითიუმის უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც გამოიყენება ელექტრომანქანებში და ელექტრო მოწყობილობების დასამუშავებლად.
რამდენიმე კომპანია, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო, ცდილობს პორტუგალიურ საბადოებთან წვდომის მოპოვებას.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ლითიუმთან დაკავშირებული გამოძიება დაკავშირებულია მონტალეგრეს ჩრდილოეთ მუნიციპალიტეტში სამთო პროექტებთან.
გამოძიება ასევე განიხილავს პორტუგალიური კომპანიების EDP, Galp და REN-ის სავარაუდო ხელშეწყობას სინესში მწვანე წყალბადის ბიზნესის განვითარებაში.
ასევე, დაკავებულია სინეშის მერი და კიდევ ორი ბიზნესმენი.