რუსული ფონდი ქართველი დირექტორის მეშვეობით დონეცკელი მეამბოხეების მთავარი სპონსორი გახდა
უკრაინულმა პორტალმა „РБК-Украина“-მ ჟურნალისტური გამოძიების გზით სცადა გაერკვია, თუ ვინ უწევს უმნიშვნელოვანეს დახმარებას თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს. პორტალის გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან დახმარებას ტერორისტებს რუსეთში დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი „წმინდა ბასილი დიდის ფონდი“ უწევს. საინტერესოა, რომ ამ ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი კონსტანტინე მალოფეევი ხოლო გენერალური დირექტორი ქართველი ზურაბ ჭავჭავაძეა.
როგორც პორტალი „РБК-Украина“ იუწყება – 17 ივნისს ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჭავჭავაძემ და „დსრ“-ის მაშინდელმა „პრემიერ-მინისტრმა“ ალექსანდრე ბოროდაიმ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას. დოკუმენტის თანახმად , მხარეები შეთანხმდნენ „რუსეთის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების ერთობლივ ორგანიზაციაზე და ჰუმანიტარული კატასტროფით მოცული რაიონების მაცხოვრებლებისათვის გადაცემაზე“. „ამ ორგანიზაციამ შემოგვთავაზა საკუთარ თავზე აეღო ჰუმანიტარული დახმარების გასაწევი საქმიანობა და მეც ხელი მოვაწერე შეთანხმებას „ აუხსნა „РБК-Украина“ -ს ბოროდაიმ. ამ ფონდთან თანამშრომლობდა ე.წ. ჰუმანიტარული ბატალიონი „ნოვოროსიაც“. თავის მხრივ წმინდა ბასილი დიდის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე გრიშურინი თავის ორგანიზაციას „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჰუმანიტარულ ოპერატორად„ მოიხსენიებს.
მალოფეევის ფონდი ფულადი თანხებითაც ეხმარება „დსრ“-ს , ამას „РБК-Украина“-ს და „დსრ“-ის ჰუმანიტარული უზრუნველყოფის კომიტეტის ხელმძღვანელის დენის ნაზაროვის საუბრიდანაც გავიგებთ. „ზუსტად ვიცი, რომ ეს ფონდი გამოყოფს ფულს აქედან დევნილების გასაყვანად, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ჰუმანიტარული დახმარებაც ასევე მოიტანეს”, – ამბობს ნაზაროვი. თვითონ მალოფეევის ფონდში ირწმუნებიან, რომ ისინი მხოლოდ დევნილებს ეხმარებიან და ისიც მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე. ამას ამტკიცებს მალოფეევის წარმომადგენელი, რომელიც ირწმუნება, რომ არ აქვს კონტაქტი თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებთან , მხოლოდ კარგი ნაცნობობა ჰქონდა ბოროდაისთან. მაგრამ ფონდის მხრიდან ე.წ. „ნოვოროსიისათვის“დახმარებაზე, ურთიერთდაპირისპირებული მხარეების ბევრი წარმომადგენელი ადასტურებს. „ სეთი ცენტრალიზებული ასეთი მოცულობითი, მუდმივი და მასშტაბური დახმარება რომელიც წმინდა ვასილი დიდის ფონდმა გასწია არსად არ ყოფილა – აცხადებს საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის ლიდერი ალექსანდრე დუგინი რომლის მიმდევრებიც ასევე მონაწილეობენ ამბოხებულებისადმი საგნების, ფულის და ფორმების გადაცემაში. დუგინის სიტყვების მიხედვით, სწორედ წმინდა ვასილი დიდის ფონდია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი. „განსაზღვრულ მომენტში ეს დახმარება გადამწყვეტი გახდა ყირიმისთვისაც და ნოვოროსიისთვისაც. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ „РБК-Украина“-ს განუცხადა, რომ ფონდის თანამშრომელთა საქმიანობა უკრაინული კანონმდებლობით შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც ტერორისტების დახმარება და მათი ფინანსირება. „ჩვენ გვაქვს ბოევიკის ჩვენება, რომელშიც ჰყვება, რომ იყო წმინდა ბასილი დიდი ფონდის ხალხის და ტერორისტების შეხვედრის მოწმე, რომელზეც ისინი ტვირთის გადაცემაზე შეთანხმდნენ”, – ამბობს გერაშენკო.
ზურაბ ჭავაჭავაძის შესახებ რუსული ინტერნეტ-საშუალებები იუწყებიან, რომ ის 1943 წელს პარიზში ემიგრაციაში წასული თავადის მიხეილ ჭავჭავაძის ოჯახში დაიბადა. 1948 წელს ოჯახი საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ მამა გულაგში გააგზავნეს, ხოლო დედა ბავშვებთან ერთად ყაზახეთში გადაასახლეს.საიდანაც 1956 წელს დაბრუნდნენ. ზურაბ ჭავჭავაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთევროპული ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და ასწავლიდა სახელმწიფო უნივერსიტეტში. 90 -იანი წლებიდან ჭავჭავაძე რუსეთში მოღვაწეობს. როგორც მოგახსენეთ ამჟამად ის რუსეთში „წმინდა ბასილი დიდის ფონდი“-ს გენერალური დირექტორია.