პრემიერის პრესსამსახური “ტაბულას“ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

   საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ინტერნეტგამოცემა „ტაბულას“ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ რუსულ ინვესტიციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების არასწორად გავრცელებაში ადანაშაულებს . ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ: “ ამა წლის 12 თებერვალს ინტერნეტგამოცემა „ტაბულა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით –„ღარიბაშვილი: წლის დასაწყისში ველოდები დიდ რუსულ ინვესტიციებს საქართველოში“. სტატიაში ვკითხულობთ: „რუსებს კონკრეტული ინტერესები აქვთ საქართველოში სხვადასხვა დარგის მიმართ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს დარგებია, ძირითადად, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ლოჯისტიკა. დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ პრემიერ–მინისტრს მსგავსი განცხადება ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არ გაუკეთებია. გადაცემაში „პოლიტიკის დრო“ ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა უცხოეთში განხორციელებულ წარმატებულ ვიზიტებზე, მათ შორის ისრაელში ბიზნესმენებთან გამართულ ნაყოფიერ შეხვედრაზე. მან აღნიშნა, რომ მარტის პირველ ნახევარში საქართველოში გაიმართება ქართულ-ებრაული ბიზნესფორუმი.
“მათ კონკრეტული ინტერესები აქვთ საქართველოში სხვადასხვა დარგის მიმართულებით, განსაკუთრებით – სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ლოგისტიკა. აქედან გამომდინარე, მე ველოდები ინვესტიციების ბუმს. შეიძლება, ეს გადაჭარბებულად ჟღერდეს, მაგრამ ველოდებით დიდი რაოდენობის ინვესტიციებს საქართველოში”, – განაცხადა პრემიერმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას. რაც შეეხება რუსეთის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გამოთქვა მზაობა რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირი დიალოგისთვის. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების კონსტრუქციულ დიალოგს რუსეთთან, საერთაშორისო არენაზე დიდი მხარდაჭერა გააჩნია“,- აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ საქმიანობას და ნუ მიაწვდიან საზოგადოებას დამახინჯებულ ინფორმაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები