ლაზარ კომანესკუ: მსურს, აბრეშუმის გზის ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადავუხადო თემის – „დაკავშირებადობის“ შერჩევისთვის
მოხარული ვარ საქართველოში, თბილისში ვიზიტით, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მოწვევით. მსურს, ორგანიზატორებს დიდი მადლობა გადავუხადო ამ თემის – „დაკავშირებადობის შერჩევისთვის, – ამის შესახებ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალურმა მდივანმა, ლაზარ კომანესკუმ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელურ დისკუსიაზე – „ვაჭრობა მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლაზარ კომანესკუმ თავის გამოსვლაში ასევე აქცენტი გააკეთა მსოფლიოში არსებულ გლობალურ გამოწვევებსა და ამ რთულ პროცესებში დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე.
„უახლოესი წარსულისა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, მათ შორის, ჩვენს რეგიონზეც. ბევრი უნდა ვიმუშაოთ და მეტი კონცენტრირება გავაკეთოთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, შევქმნათ მედეგი ურთიერთდამოკიდებულებები. ვაჭრობა, თავისთავად, დაკავშირებადობას გულისხმობს“, – განაცხადა ლაზარ კომანესკუმ.
მისი განცხადებით, ამ საკითხის განხილვისას აღსანიშნავია რამდენიმე ინიციატივა: G7, G20, ინდოეთის შეხვედრები, რომელიც ეხებოდა სხვადასხვა ტიპის დერეფნებს.
„დიდი იმედი მაქვს, ეს პროექტები და ინიციატივები განვითარდება ურთიერთშემავსებელი ხასიათით“, – აღნიშნა კომანესკუმ.