Indorama Group-ის დირექტორი პრაკაშ კეჟრივალი: საქართველოს ძალიან მიმზიდველი ბიზნესგარემო აქვს, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას

თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ინვესტორები არიან წარმოდგენილები. სადისკუსიო პანელში „აბრეშუმის გზის ღირებულების ჯაჭვები“ Indorama Group-ის დირექტორმა, პრაკაშ კეჟრივალმა მიიღო მონაწილეობა.

„საქართველოში ჩვენს მფლობელობაშია რუსთავის აზოტის 100 %-იანი წილი. ჩვენი მიზანია, რეგიონში გავაფართოოთ ბიზნესი, რაც ხელს შეუწყობს, ქვეყანა გახდეს რეგიონში ქიმიური პროდუქტების მნიშვნელოვანი მწარმოებელი. საქართველოს ძალიან მიმზიდველი ბიზნესგარემო აქვს, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას. ვფიქრობ, თქვენი ქვეყანა ინვესტორებს ძალიან დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს, რაც ეხმარება მანუფაქტურული ინდუსტრიის განვითარებას და პროდუქტების ევროკავშირისთვის შეთავაზებას”, – განაცხადა პრაკაშ კეჟრივალმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს ინფრასტრუქტურაში, სატრანსპორტო კორიდორებში, პორტებში საჭიროა ინვესტიციების ჩადება, რაც დაეხმარება ექსპორტის გაზრდას ევროპის მიმართულებით. ამასთან, Indorama Group-ის დირექტორის განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე არსებული გამოწვევების მიუხედავად რუსთავის აზოტის ექსპორტი არ შემცირებულა.

„გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ მოგვიწია ფასების კორექტირება, ბოლო ერთ წელიწადში ფასები დასტაბილურდა და ბაზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარე გასწორდა, ასევე მიწოდების ჯაჭვიც დასტაბილურდა, აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ „რუსთავის აზოტის“ ექსპორტის მოცულობა არ შემცირებულა“, – განაცხადა პრაკაშ კეჟრივალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები