საქართველოს და კატარს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა
ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა – ლევან დავითაშვილმა და კატარის სახელმწიფოს ტრანსპორტის მინისტრმა – ჯასიმ ბინ საიფ აჰმედ ალ სულაიტმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხელმოწერა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
მემორანდუმის ხელმოწერა ხელს შეუწყობს ქართველი მეზღვაურების დასაქმებას.
საქართველოს მეზღვაურთა სერტიფიკატების აღიარებასთან დაკავშირებით მემორანდუმები გაფორმებული აქვს მსოფლიოს 72 ქვეყანასთან, ხოლო კატარი გახდა 73-ე სახელმწიფო ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.