“ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად არ გაფორმებულა, თუმცა, დიდი ალბათობით, ნოემბერში ამ გადაწყვეტილებას ვიხილავთ” – ცუცქირიძე

“მართალია, ჯერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად არ გაფორმებულა, თუმცა, დიდი ალბათობით, უკვე ნოემბერში ამ გადაწყვეტილებასაც მალე ვიხილავთ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე აცხადებს.

ცუცქირიძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“მართალია, ჯერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად არ გაფორმებულა, თუმცა, დიდი ალბათობით, უკვე ნოემბერში ამ გადაწყვეტილებასაც მალე ვიხილავთ.

ერთ-ერთი მეც ვიყავი იმ მცირე, თითზე ჩამოსათვლელ ექსპერტთაგან, როდესაც, რამდენიმე თვის წინ ფაქტორთა ანალიზზე დაყრდნობით ვწერდი, რომ ისტორიული პროცესების განვითარების კანონზომიერებიდან გამომდინარე, კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მივიღებდით და დასავლეთი თავადვე გამოასწორებდა იმ შეცდომას, რაც ჩვენთვის უკრაინის და მოლდოვის საპირწონედ სტატუსის გადავადებაში მდგომარეობდა, აქ და უცხოეთშიც სკეპტიციზმი როდესაც სჭარბობდა.

რაც შეეხება ბოლო პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით დაწყებულ, ფაქტობრივად, აღიარებით ჩვენებებს, ქალბატონ სამნიძესაც ვგულისხმობ და გული რომ არ დასწყდეთ გოცირიძესაც და დეკანოიძესაც, ყველაზე რბილი შეფასებით, თავისვე წამგებიან ქმედებებზე, რაზეც ახლა ერთი აჟიოტაჟია მედიაში ატეხილი, გაცილებით ადრე უნდა ეფიქრათ, თუმცა, მანამდე, ფაქტობრივად, იგივე შინაარსის ტექსტი მამუკა ხაზარაძემ გააჟღერა, ეს ისე მასალას მოჰყვა ობიექტურობისათვის.

ზოგადად, კი ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები რას იტყვიან უცხოეთში ვიზიტებისას დერეფნებსა , თუ კაბინეტებში, ნაკლები მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ნებისმიერი თავმოყვარე ხელისუფლებისათვის, თუ ბუნებრივია, ის დარწმუნებულია თავისი გზის და გადაწყვეტილებების უტყუარობაში, ეს იმ საცდელ ტესტად წარმოდგენილ 12 პუნქტსაც ეხება და ბევრ სხვა რამესაც…

საკუთარ წამგებიან ქმედებებზე ოპოზიციამ იფიქროს და იდარდოს, სიმართლე შუბის ხალთასავით არ დაიმალება, მათი განულებული რეიტინგები კი ამ ტიპის დესტრუქციის და ფარისევლობის შედეგია.

ამასთან, ურთიერთბრალდებების დაწყებული სერიალი, თან კარს მომდგარი არჩევნების წინ, ვეჭვობ აქტივში ჩაეთვალოთ, ხოლო რადიკალურიდან “კონსტრუქციულ ნავში”გადახტომა- დედას გეფიცებით, მე არაფერ შუაში ვარ, პირიქით , ყველაფერს სტატუსის მხარდასაჭერად ვაკეთებდიო, ელემენტარულად არ იმუშავებს, და ვერც რომელიმე ბლოკის სიაში ჩასაჯდომად გამოდგება.

დარწმუნებული იყავით, ოპოზიციის ნაწილს ამის გაკეთება რომ სდომოდა, სტატუსზე გადაწყვეტილების მოახლოებამდე, აქაც თავისუფლად შეეძლოთ, არა თუ უცხოეთში ვიზიტებისას, თუნდაც დიპკორპუსთან პერიოდული შეხვედრებით ან ბრიფინგების მოწყობით. უკვე გვიანია, ყველამ ისედაც ყველაფერი იცის და მათი ეს დაგვიანებული “სინანული” ისევ ხელისუფლების წისქვილზე თუ დაასხავს წყალს! და “ქართული ოცნება” ამ არჩევნებსაც, რომ უპრობლემოდ მოიგებს ესეც, როგორც იტყვიან, სახეზეა! ამ არჩევნების ერთადერთი ინტრიგა მხოლოდ ის შეიძლება იყოს, კიდევ რომელი პარტია გადალახავს საარჩევნო 5 %-იან ბარიერს”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები