პაატა მანჯგალაძე: „ხათუნა სამნიძის განცხადება არანაირ უხერხულობას არ მიქმნის – ბნელ ოთახში შავი კატა სხვაგან ეძებეთ, ეგ კატა ჩემთან არ არის
„ხათუნა სამნიძის განცხადება არანაირ უხერხულობას არ მიქმნის. ხათუნა სამნიძეს თუ აქვს ინფორმაცია, მოჰყვება, ვინ ეუბნება და რას ეუბნება. მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი რამე ხდება. კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოს გააძლიერებს”,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ სამნიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსი არის უფრო მეტი, ვიდრე რომელიმე პარტია და ხელისუფლება.
“კანდიდატის სტატუსი პარტიებზე არ დადის. კანდიდატის სტატუსი არის უფრო მეტი, ვიდრე რომელიმე პარტია და ხელისუფლება. კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასი ნამდვილად არ აქვს და სტატუსი ევროპელებმა თავისთვის არ უნდა დაიტოვონ. ბნელ ოთახში შავი კატა სხვაგან ეძებეთ, ეგ კატა ჩემთან არ არის. რეკომენდაციის შეუსრულებლობა უფრო დიდი პრობლემაა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე, თუ ვიღაც რომ ჩაკინკილდა იქ და სისულელე ილაპარაკა, რომელი უფრო დიდი პრობლემაა? პირველი პრობლემაა, რომ ხელისუფლებამ ჩააგდო რეკომენდაცია და 12-დან ცხრა შეუსრულებელია. მეორე ხარისხის პრობლემაა, რომ ოპოზიციაში არსებობს ვიღაც, ვინც ამბობს, რომ ახლა “ქოცების” ხელში სტატუსი არ მოგვცეთო“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი. სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, შეწყვიტონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების დამაზიანებელი გზავნილების გავრცელება.