„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა დავხატო ხვიჩა კვარაცხელია“…

ხატვა 15 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ ყოველ ღამე ხატვაში ათენებს.
თავიდან ხატავდ მხოლოდ  ფანქრით, რამდენიმე წლის შემდეგ  კალმით ხატვაც სცადა. ბოლო ახატები ნახშირის და ფანქრის ნარევისგან იხატება, პირველ ნამუშევარს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა, რამაც სტიმული მისცა. დღესდღეობით ყავს მოსწავლეებიც.
ხატვაში ვიპოვე ჩემი თავი, აქ გავიცანი მრავალი საინტერესო ადამიანი. ხატვა მაბედნიერებს, მაძლევს მოტივაციას ცხოვრებაში, რომ შემიძლია უფრო და უფრო უკეთესი შექმნა და სხვებსაც გავუზიარო ჩემი შემოქმედება. ყოელდღიურად ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ და, ვფიქრობ, ეს პროცესი არასდროს დასრულდება. – მხატვარ ლაზარე გელაშვილის პერსონა.

– დავიბადე და გავიზარდე რუსთავში, სწავლით დიდად არ გამოვირჩეოდი, 10 კლასამდე დავდიოდი მე-7 საჯარო სკოლაში და შემდეგ დავამთავრე სკოლა „ლაზარე“. მყავს ორი ძმა და ერთი და. ბავშვობაში ვერ ვიფიქრებდი, რომ შეიძლებოდა მხატვარი გამოვსულიყავი, რადგან, ძირითადად, სპორტით ვიყავი დაკავებული (ფეხბურთი, ხელბურთი, ტანვარჯიში)… საახლობლოშიც არავინ მყავდა მხატვარი.
–  ხატვა 15 წლისამ დაიწყეთ… პირველი ნახატი არ მოგეწონათ და ნაგავში გადააგდეთ… თუმცა შემდეგი ცდა უკეთესი აღმოჩნდა…
– 15 წლისამ გადავწყვიტე პირველად სერიოზულად დამეხატა, პირველი ნახატი რომ დავხატე, დავკუჭე და გადავაგდე, ასე გრძელდებოდა დიდხანს, სანამ თვალს არ მოეწონა ნამუშევარი.
– ფანქრით ხატავთ, იყენებთ ნახშირსაც… რატომ მოგწონთ ფანქრით მუშაობა?
– უბრალო ფანქრით დავიწყე ხატვა და ალბათ ეს გახდა მიზეზი, რატომაც  შემიყვარდა შავ-თეთრში მუშაობა. დროდადრო ფანქარი შეცვალა ნახშირმა, ახლა კი მუშაობის დროს ორივეს ვიყენებ. ასევე მიყვარს საწერი კალმით ხატვა.  ბოლო რამდენიმე წელია უმეტესად  ნახშირით ვხატავ, დღესდღეობით, ჩემი ბოლო ნახატები ნახშირისა და ფანქრის ნარევისგან იხატება.
პირველად, როდესაც სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე ნამუშევრები, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომცა.
–  უმეტესად პორტრეტებს ხატავთ…
– ვფიქრობ, პორტრეტი ყველაზე რთული დასახატია, აქ თითოეულ ნაკვთს აქვს დიდი მნიშვნელობა, სწორედ  პორტრეტში შეგიძლია გადმოსცე  ყველაზე დიდი ემოცია.
– პატრიარქის პორტრეტი დახატეთ… ზოგადად, გჭირდებათ შთაგონება?
– პატრიარქის ნახატი შეკვეთით დავხატე, რომელიც შემდეგ პატრიარქს დაბადების დღეზე აჩუქეს. შთაგონება აუცილებელია, როდესაც ფოტოებს ვარჩევ, დიდხანს ვიცდი, თუ, ასე ვთქვათ, ინტერესი  არ  დამეკარგა ამ ფოტოებისადმი. შემდეგ ვიწყებ ხატვას.
– სწავლობდით არქიტექტურის ფაკულტეტზე… თუმცა მიხვდით, რომ თქვენი მოწოდება არ იყო… ამ გადასახედიდან რას ფიქრობთ?
– სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა დავიწყე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე, თუმცა მივხვდი, რომ არქიტექტურა არ იყო ჩემი საქმე და სწავლას თავი დავანებე. განვაგრძე სახლში ხატვა და განვითარება.
–   ვის დახატვას აპირებთ?
– ბევრი ცნობილი ადამიანის დახატვას ვაპირებ ახლო მომავალში, ერთ-ერთი, ვინც აუცილებლად უნდა დავხატო, ხვიჩა კვარაცხელიაა, უბრალოდ საუკეთესო ფოტოს ველოდები, ვუცდი…
– რომელ  პორტრეტს გამოარჩევდით…
– გამოვარჩევ ერთ პორტრეტს, რომელიც ყველაზე ბევრჯერ დავხატე კალმით (ცოტა ადრე), დროს ვინიშნავდი – 2 წუთს, 5 წუთს, 10, 15…. და ვცდილობდი, შემდეგი ნახატი ოდნავ უკეთესი გამოსულიყო, როდესაც მეგონა, ამაზე უკეთესს ვერ დავხატავდი, მომდევნო  ნახატში ვაუმჯობესებდი. ამან მომცა ძალიან დიდი ხედვა და გამოცდილება.
– ჰობი…
– გატაცებული ვარ ჭადრაკით და თითქმის ყოველდღიურად ვთამაშობ, ასევე – workout-თ. თითქმის ყოველდღე ვვარჯიშობ ორძელზე ხელებზე დგომაში.
– გყავთ მოსწავლეებიც…
– მყავს მოსწავლეები და ვხატავ შეკვეთებს. ცხოვრებაში ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ვიყავი და ხატვაში ვიპოვე ჩემი თავი, ამ სფეროში გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი,  დღეს  ხატვა  მაბედნიერებს, მაძლევს მოტივაციას ცხოვრებაში, რომ შემიძლია უფრო და უფრო უკეთესი შევქმნა და სხვებსაც გავუზიარო ჩემი შემოქმედება. ყოველდღიურად ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ და ვფიქრობ, ეს პროცესი არასდროს დასრულდება.
მინდა გავხდე საუკეთესო გრაფიკოსი საქართველოში და რუსთავში გავხსნა სამხატვრო სკოლა…

                                                                                                                                თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები