„არ იყო გარანტია, რომ პური შეგხვდებოდა, მოვიდოდა მანქანა და გაზიდავდა მოტანილი პურის მესამედს“

90-იანებში პურის რიგში ჩადგომა ნიშნავდა 4-5-საათიან ყურყუტს ქუჩაში. ასეთ დროს ყოველთვის გამოჩნდებოდნენ ხოლმე აქტიური ტიპები კალმითა და რვეულით ხელში, მომლოდინეებს მარჯვენა ხელზე დააწერდნენ რიცხვს და საკუთარ რვეულშიც იწერდნენ სახელსა და გვარს. რევაზ ყოლბაია – 455.
რამდენჯერ ვმდგარვარ ასეთ რიგში, ზამთარში. თითო ტოტს და პარკეტის ნაგლეჯს ყველა მოიტანდა ხოლმე და გარეთ ენთო ცეცხლი. გაყინულ ხელ-ფეხს იქ ითბობდა ხალხი და ძირითადად, წუწუნებდა და ლაპარაკობდა პოლიტიკაზე.
ეს რიცხვი, რაც ხელზე გეწერა, სულაც არ იყო გარანტია, რომ პური შეგხვდებოდა, რადგან მოვიდოდა პურის მანქანა და სანამ იცლებოდა, მოდიოდა ხოლმე მსუბუქი მანქანაც, შედიოდა რკინის გისოსებით შეღობილ მაღაზიაში (ხალხი რომ არ შევარდნილიყო, გამაგრებული იყო ციხესავით) და გაზიდავდა მოტანილი პურის მესამედს ან მეტს. დაიწყებოდა პურის გაცემა და მალევე იტყოდა ნოქარი, რომ გათავდა და აღარაა პური.
ხალხი ამას ეგუებოდა. იჭიჭყინებდა, ატეხდა გინებას, მაგრამ მაინც ეგუებოდა, ამიტომ, პურის მანქანის მოსვლა და მასთან ერთად „უკანა კარიდან გატანის ფაქტებიც“ ყოველდღიურად ხდებოდა.
იმ მაღაზიაში, სადაც მე დავდიოდი ხოლმე, 12-13 წლის ბავშვი, ორი ქერათმიანი და იყვნენ ის გადამყიდველები, ვისაც პური გაჰქონდათ ხოლმე ურიგოდ. მათი დანახვა გველის დანახვასავით იყო ჩემთვის, ვიცოდი, უპუროდ უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ არაფერი შემეძლო.
ვერაფერს, ან უფრო სწორად, არაფერს აკეთებდა იქ მომლოდინე უფროსების აბსოლუტური უმრავლესობა. აქა-იქ ვიღაც წამოიწყებდა ჭიჭყინს ან მოინდომებდა ხალხის აბუნტებას. ძირითადად არ გამოუვიდოდა, მაგრამ თუ ძალიან თავღია და აგრესიული გამოდგებოდა, დაუძახებდა მაღაზიის გამგე, შეიყვანდა უკანა კარიდან, გამოუშვებდა 3-4 პურით და ამბავიც ჩაწყნარდებოდა ხოლმე.
რამდენჯერ დამითვლია რიგში მდგომი ადამიანების რაოდენობა და მანქანით მოტანილი პურის სავარაუდო რაოდენობაც, პატიოსნად რომ გაეყო ყველას, საშუალოდ, თითოს 2 ცალი შეხვდებოდა, მაგრამ 10-დან 8 შემთხვევა უპუროდ სახლში წასული ხალხის რაღაც რაოდენობით სრულდებოდა.
მაშინ ვფიქრობდი ხოლმე, რომ ამ ხალხს არასოდეს არაფერი ეშველება, რადგან ჯოგური ინსტინქტით ცხოვრობდნენ. პურის ხსენებაზე, გადაქელავდნენ მოხუცსაც და ბავშვსაც. რამდენჯერ მივუიდაყვებივარ რომელიმე ვირგლას, მე კი თავის დაცვას და თავის გატანას ამ მომენტში ვსწავლობდი.
ჩემი ასაკის და ჩემზე უფროსია მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც ახლა პირველობისთვის ბრძოლაშია ჩაბმული. ნაწილი მათგანი იმათი აღმზრდელია, ვინც თითქოს სხვა თაობის შვილია, მაგრამ მაინც თავის პურის რიგში დგას, ან ურიგოდ გააქვს პური უკანა კარიდან, ან ყვირის, რომ უკანა კარიდან 3-4 პური გაატანოს გამგემ.
გურამ მეგრელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები