საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასების შედეგებს გაეცნენ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აკადემიის წევრებს საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასების ძირითადი შედეგები გააცნო.
„შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, შემუშავდა დოკუმენტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასება“, რომელშიც წარმოდგენილია ეკონომიკის ის პრიორიტეტული დარგები, სადაც ნარჩენების ხელმეორედ გადამუშავების მეტი შესაძლებლობა არსებობს. დოკუმენტში განსაზღვრულია საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასების საკვანძო ეტაპები, ცირკულარული ეკონომიკის შესაძლებლობები თითოეული სამიზნე დარგისთვის, დარგობრივი ანალიზის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ცირკულარული ეკონომიკის განვითარება სარგებლის მომტანია როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური, გარემოსდაცვითი მიმართულებებით და კავშირშია როგორც მდგრადი განვითარების მიზნებთან, ისე მწვანე ეკონომიკასთან“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრაზე გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრმა დარიუშ ედვარდ პრასეკმა საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის გზამკვლევისა და სტრატეგიის შემუშავების შესახებ ისაუბრა.
საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის გზამკვლევი შემუშავდება საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისის“ ექსპერტთა გუნდის მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით და საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილ უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.