„ამ ადამიანების წყალობით ჩვენი ქვეყანა საოცრებათა ქალაქს დაემსგავსა“ – თვითნასწავლი ხელოვანი, ვინც ქართული კინოს ლეგენდებს ხატავს

12-13  წლიდან ხატავს. ეს სიყვარული ოჯახიდან დაიწყო, შემდეგ იყო პირველი ნახატი… ღვთისმშობლის ხატი – „შენ ხარ ვენახი“… მოგვიანებით კი პორტრეტების ხატვამ გაიტაცა. კინოს არაერთი ლეგენდის პორტრეტი შექმნა. „ამ ადამიანებმა შემაყვარეს ქართული კინო, ამ ადამიანების წყალობით ჩვენი ქვეყანა საოცრებათა ქალაქს დაემსგავსა, მართლაც რომ „მათ შექმნეს ეპოქა“, ის ეპოქა, სადაც ღიმილი შეგეძლო, სადაც გულწრფელი ტირილი შეგეძლო“.
6 წელი მონასტერში მორჩილის სტატუსით ცხოვრობდა. ამბობს, რომ მონასტერმა მთელი ცხოვრება შესძინა.
წერს ზღაპრებს, ნოველებს, ლექსებს. – თვითნასწავლი მხატვრისა და ხატმწერის, ლუკა ორჯონიკიძის პერსონა.

 –  მხატვრის ოჯახში დაიბადეთ….
– ბავშვობიდან ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო ჩემს ცხოვრებაში! მართალია ხატვაზე დიდად არ ვგიჟდებოდი, მაგრამ ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო, მეყურებინა ამ პროცესისთვის, როცა დედაჩემი სხვადასხვა წიგნის ილუსტრაციებს ხატავდა. მახსოვს, გვერდზე ვეჯექი და ვუყურებდი, ყოველი ხაზის მოსმის დროს როგორ იქმნებოდა სხვადასხვა ფიგურა… ჩემთვის განსაკუთრებით ემოციურები იყვნენ ის ზღაპრული გმირები, რომლებსაც დედაჩემი იგონებდა და აცოცხლებდა ცარიელ ფურცლებზე. ეს მართლაც გასაოცარი იყო!.
–  სკოლაში…
– როგორ გითხრათ, ყოველთვის ძალიან მშვიდი, სერიოზული ვიყავი. შეიძლება ითქვას, ჩაკეტილიც კი. ვაღიარებ, რომ სხვებისგან ადვილად გამომარჩევდით, ჩემზე უფროს ადამიანებს უკეთ ვუგებდი, ვიდრე ჩემს თანატოლებს.
–  პირველად ხატი დახატეთ…
– ჩემი პირველი ნახატი შვიდი წლის ასაკში დავხატე და ახლაც შენახული მაქვს. ეს არის ღვთისმშობლის ხატი „შენ ხარ ვენახი“. ზოგადად კი, ხატვა 12-13 წლის ასაკში დავიწყე და, როგორც ხედავთ, დღემდე არ შემიწყვეტია…
შემდეგ ჩემი მუზა გახდა ბრიტანელი სოულ და ჯაზმომღერალი, საოცარი ემი უაინჰაუსი, რომლის წყალობითაც ხატვა შემიყვარდა. თუ ჩემი ოთახის ფანჯრიდან ღამით შუქი გამოდიოდა, ეს ნიშნავდა, რომ მე ვხატავდი ისე, დრო სრულიად მავიწყდებოდა. ასე დავხატე, მისი საოცარი მუზის წყალობით, 100 უზარმაზარ ფორმატზე მისი პორტრეტები.
მახსოვს, როცა მეუბნებოდნენ, რატომ ვხატავდი, რა საჭირო იყო ამხელა ნამუშევრები, როცა შემეძლო მისი ხატვა პატარა ფორმატებზეც. არ ვიცი, ვფიქრობ, ეს რომ არა, შეიძლება ხატვა არც გამეგრძელებინა.
–  პირველად ვისი პორტრეტი დახატეთ?
– სიტყვებით გადმოცემა მიჭირს, რას ნიშნავს ჩემთვის მათი პორტრეტები. ამ ადამიანებმა შემაყვარეს ქართული კინო, ამ ადამიანების წყალობით ჩვენი ქვეყანა საოცრებათა ქალაქს დაემსგავსა, მართლაც რომ „მათ შექმნეს ეპოქა“, ის ეპოქა, სადაც ღიმილი, გულწრფელი ტირილი შეგეძლო და ახლა? როცა ზოგიერთ ახლანდელ ფილმს ვუყურებ, არა მარტო ქართულს, არამედ უცხოურსაც, კინოში თამაშს ვეღარც დავარქმევთ, შეიძლება დავარქვათ – „ჩქარა! რასაც მეტყვით, გავაკეთებ, ოღონდაც ფული მომეცით“.
იმის თქმა მინდა, რომ უწინ ფულისთვის არ თამაშობდნენ, არამედ იმისთვის, რომ უყვარდათ ეს საქმე, უყვარდათ თეატრი, უყვარდათ კინო.
ვფიქრობ, თემას გადავუხვიე, მაგრამ გული ძალიან მტკივა და მინდოდა ესეც მეთქვა. რაც შეეხება პირველ ჩემს პორტრეტს, რომელიც შევასრულე ამ წამოწყებულ კოლექციაში, ეს იყო, რაღა თქმა უნდა, დიდებული სესილია თაყაიშვილი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ ყველაფერს და მიხარია, რომ ასე მოხდა, რადგან სესილია ჩემთვის არა მარტო მსახიობი იყო, ის ჩემი ბებიასავით გახლდათ. შემდეგ იყო საოცარი დოდო აბაშიძე და ასე გავაგრძელებ, სანამ შევძლებ.
ყველა პორტრეტის შექმნისას იმ მსახიობთან ერთად ვმოგზაურობ, თუნდაც იმ ფილმში, საიდანაც ვხატავ. ეს უცნაური და ამავდროულად სასიამოვნოა, ვცდილობ, ხატვის დროს იმ სიმღერას ვუსმინო, რა სიმღერებიც ფილმშია გამოყენებული.
– შთაგონება…
– როდესაც შთაგონება მომდის, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ გარეთ წვიმს, მე კი ყავასთან ან ერთ ჭიქა წითელ ღვინოსთან ერთად ვზივარ და ვხატავ.
ეს პროცესი ნამდვილად ძალიან მიყვარს. არა მარტო ხატვა, წერაც მაშინ მინდება და იცით, ხშირად გადამიდგამს მოლბერტი და ფურცელი და კალამი ამიღია, რადგან წერა უფრო მომნდომებია.
რა გითხრათ, იმის გარდა, რასაც ხალხი  ხედავს, მაქვს ფერადი ნამუშევრები, რომლებიც არანაკლებ მიყვარს, ზღაპრებს ვწერ და მათ გმირებს ნახატებში ვაცოცხლებ, შემდეგ უბრალოდ სახელებს ვარქმევ და ერთ ნამუშევარსაც გაგიზიარებთ, რომელიც ჯერ არსად გამომიქვეყნებია. მათი სახელია „იონა და კირა“. ისინი ვიქტორიანული ეპოქის დროში ცხოვრობდნენ და მათ ძალიან რთული ცხოვრება განვლეს.
– თქვენი დაწერილი ხატები სხვადასხვა მონასტერშია დაბრძანებული….
– ძალიან ბევრი ხატი საქართველოს სხვადასხვა მონასტერსა თუ ერის ტაძარშია დაბრძანებული. ასევე რამდენიმე ხატი სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიებშია, რაც ძალიან მახარებს. ადრე მეტწილად ხატწერაზე ვმუშაობდი, მაგრამ ახლა უბრალოდ უფრო პორტრეტებს მიკვეთავენ…
–  მონასტერში გაიზარდეთ,  17 წლის წახვედით და 6 წელი იცხოვრეთ მორჩილის სტატუსით…
– მთელი ცხოვრება შემძინა მონასტერმა. მონასტერმა მასწავლა, რომ ადამიანი, რომელიც ამაოებისთვის ასე იბრძვის, ამაოებაში ჩაიძინებს, ხოლო ვინც მარადიულობისთვის იბრძვის, მარადიულობაში ჩაიძინებს.
მონასტერმა მასწავლა, რომ რასაც აკეთებ, შენს თავს უკეთებ და კიდევ, მასწავლა ის, რომ, ცხოვრება სიკვდილზე ფიქრთან ერთად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე იმაზე ფიქრში, რომ წლები გადიან, მე კი ეს წლები სახეზე არ მატყვია, და ეს ყველაფერი რა კარგია. ადამიანებმა ერთადერთი, რაც უეჭველად ვიცით, ეს არის, რომ ოდესღაც ყველანი წავალთ ამ ქვეყნიდან, მაგრამ რატომღაც ეს ბევრისთვის შიშის მომგვრელია. მასზე ფიქრი არ გვინდა. რატომ? მე ხომ იქ მივდივარ, საიდანაც გამოძევებული ვიყავი ჩემი წინაპრების გამო?! ანუ სამშობლოში დაბრუნებას ჰგავს, თუმცა ეს უფრო რეალური და სასიხარულოა, ვიდრე მიწიერ სამშობლოში დაბრუნება.
– წერთ ზღაპრებს, ნოველებს, ლექსებს…
– ვწერ ზღაპრებს, ნოველებს, ლექსებს და მელანქოლიურ წერილებს… თემატიკა ყოველთვის სხვადასხვანაირია, ხშირად, როდესაც ჩემს პატარა დისშვილს ვაძინებდი, ვიგონებდი და ვუყვებოდი სხვადასხვა ზღაპარს, თუმცა ისე მომწონებია, რომ შემდგომ დამიწერია. რამდენიმე ზღაპრის მიხედვით ბაღში ღონისძიებაც კი დადგეს. თუმცა განსაკუთრებულად მიზიდავს სხვადასხვა მელანქოლიური წერილის და ამბების წერა.

–  ერთი ლექსი…

როგორ შეგეძლო, ქვეყნიერების დროება გააჩერე?!
შენი შელოცვით ჩემი დროებაც თეთრად დააბერე.
შავში შერეული ვერცხლის ძაფები ჩუმად აამღერე…
სადღაც გაისმის ჩუმად მგლოვიარე დედის ტირილი…
სადღაც კლავენ, იღუპება დედის შვილი ომში გმირივით…
ცივ მხრებს იბერტყავენ გულში დაჭრილი ვაჟნი ტირილით…
ვფიცავ, მათი სულები თავიდანვე ღმერთს ჩავაბარე!
მტკივა, გარეთ გასული მათი სხეულები რომ ძილს მივაბარე.
გვიან თენდებოდა ნისლში, რადგან დღესაც სცხვენოდა.
აღარ ეტევა მიწაზე დანთხეული სისხლის წვეთებიც,
რადგან მათივე დედის მგლოვიარე ცრემლებს ერწყმოდა.
კიდევ გაისმის ვიოლინოს ჩუმი ვედრება ხევში.
კიდევ ჩამესმის პატარა ბავშვის გლოვა მიწაზე.
სადღაც ჩერდებიან ეკლესიის ზარის ჩრდილებიც
და სადღაც საფლავებზე თავად მიცვალებულები დადიან.
მოხუცსაც ვხედავ თვალებამღვრეულს შავებით ბნელში.
გოგონაც მოჩანს, ხმლით ხელში მიწას რომ იცავს.
აი, ამ ღამეს ისევ გაუთენებ მთვარეს ნაღვლიანს…
აი, ისევ შევფიცავ, ტკივილს ჩემს თავს დავუთმობ!.
მოვითმენ მანამ, სანამ ფეთქვა თავად არ მიმატოვებს…
მტერსაც ხელს გავიწვდი მაშინ, როცა არ მიღალატებს…
და შემდეგ დავჯდები მომტირალი თვალს გადავავლებ,
თუ როგორ შეგეძლო და ქვეყნიერების დროება გააჩერე?!.
– ჰობი…
–   კულინარია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ჰობიც აღარ არის და ჰობიზე უფრო მეტია ჩემთვის. სხვა კი… წიგნების კითხვა  და მათი შეგროვება მიყვარს. ზოგადად, ბიბლიოთეკაში ძალიან დიდ სიმშვიდეს ვგრძნობ და დიდი სურვილი მაქვს, სადმე ქალაქგარეთ ძველებური და მყუდრო სახლი მქონდეს, სადაც უზარმაზარ ბიბლიოთეკას გავაკეთებ.
– სხვადასხვა თეატრში გამოფენის გამართვას აპირებთ… კიდევ რას გეგმავთ?
–  დიდი სურვილი მაქვს, რომ გამოფენები მოვაწყო სხვადასხვა თეატრში. კიდევ ვგეგმავ, დავუბრუნდე ზეთის საღებავებში ხატვას, რადგან ძალიან მომენატრა ფერწერა, ამ ბოლო დროს ფერებში იშვიათად მიწევს ხატვა. ხატვის გარდა კიდევ მინდა იმ წიგნის გამოცემა, რაც უკვე თითქმის ორი წლის წინათ დავასრულე. არ ვიცი, რატომ ვიკავებ თავს, დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის საინტერესო იქნება ეს ნაწარმოები.

 

                                                                                                              თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები