უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შორი დისტანციის იარაღი, მათ შორის „ტომაჰავკის“ ტიპის სარაკეტო სისტემა, მხოლოდ შეერთებულ შტატებში არ არის ხელმისაწვდომი, მსგავსი იარაღი ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასაც აქვს.
“ეს იარაღი არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ გარკვეულ ევროპულ სახელმწიფოებსაც აქვს და ჩვენ მათთან მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ,“ — განაცხადა ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.
უკრაინის ლიდერის თქმით, შორი დისტანციის იარაღის მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისა და რუსეთის შეტევების შესაჩერებლად.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი სისტემების მიწოდება უკრაინას საშუალებას მისცემს გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა და „შეაჩეროს რუსეთი რეალური საფრთხის განცდით“.
აშშ-ს ჯერჯერობით უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ გადაცემის შესახებ შეთანხმება არ დაუდასტურებია, თუმცა, ზელენსკის თქმით, კიევი ტექნიკურ და დიპლომატიურ დონეზე მოლაპარაკებებს აგრძელებს როგორც ვაშინგტონთან, ისე ევროპის პარტნიორებთან.