28 ოქტომბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, „საქართველოს სინფონიეტა“ რიგით მე-11 „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ გამართავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, 28 ოქტომბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, „საქართველოს სინფონიეტა“ რიგით მე-11 „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ გამართავს.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა მუქერიამ აცნობა, ფესტივალის ფარგლებში 10 კონცერტი ჩატარდება, „საქართველოს სინფონიეტასა“ და სხვა ქართველ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული ბაროკოს მუსიკის შემსრულებლები, მათ შორის: ანდრეას შოლი (კონტრტენორი / გერმანია), ჯულია ბოლკატო (სოპრანო / იტალია), კორნელია ფონ კერსენბროკი (დირიჟორი / გერმანია), „ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრი“, ააპო ჰეკინენი (კლავესინი / ფინეთი), ლეილა შაიეგი (ვიოლინო / შვეიცარია),ვალენტინ ტურნე (ვიოლა და გამბა / საფრანგეთი), კრისტინე ბუში (ვიოლინო / გერმანია), დოროთე მილდსი (სოპრანო / გერმანია), ფრანჩესკო ჩერა (კლავესინი, ორგანი, დირიჟორი / იტალია), დიეგო კანტალუპი (თეორბო, ბაროკოს გიტარა / იტალია), ფოლკლორული ანსამბლი „შავნაბადა“ და „თბილისის ქალთა გუნდი“.
ფესტივალის საკონცერტო პროგრამა ტრადიციულად ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც სოლო ინსტრუმენტული და საორკესტრო, აგრეთვე ვოკალური და საგუნდო მუსიკის რეპერტუარს.
წელს ფესტივალს, ტრადიციულ დაუვიწყარ კონცერტებსა და მასტერკლასებს, სამეცნიერო მიმართულება შეემატება. „საქართველოს სინფონიეტა“ და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში, 4 დეკემბერს ატარებს სამეცნიერო კონფერენციას – ,,მუსიკა ბაროკომდე და ბაროკოს ეპოქაში”.
2025 წლის ფესტივალის გეოგრაფიული არეალი გაიზარდა და თბილისის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზსა თუ თეატრს მოიცავს. „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 28 ოქტომბერს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიხსნება კონცერტით – „ქართული და ევროპული ძველი მუსიკა“, სადაც პირველ განყოფილებაში ფოლკლორული ანსამბლი „შავნაბადა“ ქართული ტრადიციული მუსიკის უძველეს ნიმუშებს წარმოადგენს, ხოლო მეორე განყოფილებაში, მსოფლიოში აღიარებული კონტრტენორი ანდრეას შოლი, ცნობილი იტალიელი სოპრანო ჯულია ბოლკატო, „თბილისის ქალთა გუნდი“ და „საქართველოს სინფონიეტა“, კორნელია ფონ კერსენბროკის დირიჟორობით, ჯოვანი ბატისტა პერგოლეზის შედევრს – Stabat Mater-ს შეასრულებენ.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ ნოემბერში გაგრძელდება და რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე გადაინაცვლებს, სადაც კონცერტები გაიმართება: 9, 12, 18, 24, 27, 30 ნოემბერს და 2 დეკემბერს. 7 დეკემბერსკი, ფესტივალი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაიხურება.
კონცერტების დასაწყისი: 19:30.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ www.tkt.ge