შსს-მ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი აღკვეთა – ამოღებულია 80 მილიონი ლარის ღირებულების 250 კგ „ჰეროინი“

შსს-მ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი აღკვეთა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, ამოღებულია 80 მილიონი ლარის ღირებულების „ჰეროინი“.

დაკავებულია წარსულში ნასამართლევი საქართველოს ორი მოქალაქე.

„მსურს, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შესახებ. სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი და აღკვეთილია საერთაშორისო ნარკოტრეფიკის კიდევ ერთი ფაქტი.

პოლიციის მიერ ამოღებულია 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და საქართველოდან უკანონოდ გატანის ფაქტზე დაკავებულია, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი საქართველოს 2 მოქალაქე.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ სატვირთო ავტომობილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად, დატვირთული იყო „სველი ხელსახოცებით“ საქართველოში, მეზობელი ქვეყნიდან, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“ გავლით შემოვიდა.

სამართალდამცველებმა, ბათუმში მდებარე გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე, ტვირთის დეტალური დათვალიერებისას, სველი ხელსახოცის პაკეტებში, ფარულად მოთავსებული 2 907 შეკვრად დაფასოებული 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

სამართალდამცველების მიერ, სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან,ასევე, ამოღებულია 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი.

საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარეს.

ჩვენ სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურად ვაგრძელებთ კომპლექსურ ღონისძიებებს, ნარკოდანაშაულში ჩართული პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აღნიშნული წარმატებული საპოლიციო ღონისძიება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის სამართალდამცველებს აქვთ შესაბამისი რესურსი, პროფესიონალიზმი, რათა გამოავლინონ და აღკვეთონ მსგავსი სახის დანაშაულები.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიციელს და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული დანაშაულის გამოვლენაში“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები