ალექსანდრე ჭიკაიძე: ამ ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანები არ დაიჩაგრებიან

ეჭვი გამიჩნდა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩემს დისკრედიტაციაზე მუშაობენ -ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გაზეთ “ალიასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მინისტრი ფიქრობს, რომ გარკვეული ძალების მიზანს პოლიციის დემორალიზება წარმოადგენს. ჭიკაიძე აცხადებს, რომ მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა პროვოკატორები პოლიციის დემორალიზებას ვერ მოახდენენ.
“ შს არის ერთ- ერთი რთული სამინისტრო და 24 -საათიანი მუშაობის რეჟიმში ვარ. მინდა, ჩემი თანამშრომლები, რომლებიც ჩემს ბრძანებას ემორჩილებიან, თვითონ არ გახდნენ კრიმინალები, მე ამას მივაღწევ! რაც იყო წარსულში, ესაა წარსული. სამწუხაროდ, თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან იყო ხალხი დაუცველი, შს თავად ჩადიოდა კრიმინალს. თითოეული ადამიანის ბედი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, არცერთი ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს, უდანაშაულო ადამიანი არ უნდა მიეცეს პასუხისგებაში. ირკვევა, რომ სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში ხელმძღვნელ თანამდებობზე კრიმინალები ისხდნენ, საგამოძიებო ორგანოებმა დაამტკიცეს, რომ თვითონ მაღალჩინოსნები სჩადიოდნენ დანაშაულს, გასცემდნენ უკანონო ბრძანებებს. ჩემს თანამშრომლებს მუდმივად ვაფრთხილებ, რომ არ დაარღვიონ უდანაშაულობის პრეზუმფცია და თუკი ადამიანს დანაშაულს ვერ დაუმტკიცებენ, ნუ ეცდებიან, მას ბინძური გზებით ებრძოლონ. კრიმინალებს ბინძური გზებით კი არ უნდა ებრძოლონ, არამედ უნდა ებრძოლონ გონებით, პროფესიონალიზმით, კანონით და დაუმტკიცონ, რომ ის არის დამნაშავე. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცეს პირი პასუხისგებაში და არა იმიტომ, რომ ესა თუ ის პიროვნება ცუდია და ვიღაცას არ მოსწონს. ასეთი რამ არ მოხდება! ეჭვი გამიჩნდა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩემს დისკრედიტაციაზე, მათი მიზანია პოლიციის დემორალიზება და ცდილობენ, გადავდგა რადიკალური ნაბიჯები, ის კამპანიაც თითქოს კრიმინალმა იმატა, ამ გეგმის ნაწილია, ამით კი იმის მიღწევა სურთ, რომ ჩემმა სამინისტრომ ხალხს დაუწყოს დევნა, შანტაჟი, კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც არ მოხდება! რაც არ უნდა ილაპარაკონ, რა პროვოკაციებზეც არ უნდა წავიდნენ და რაც არ უნდა ცილი დამწამონ, ყველას გასაგონად ვაცხადებ, რომ მიზანს ვერ მიაღწევენ და პოლიციის დემორალიზებას ვერ მოახდენენ. ჩემი მუშაობის პრინციპზე უარს ვერავინ მათქმევინებს და ამ ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანები არ დაიჩაგრებიან, მაგრამ კანონის მცირე გადაცდომასაც არავის ვპატიებთ! დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ძლიერი და ერთიანი, თითოეული პოლიციელი ემსახურება საქართველოს“,-აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები