ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, საზოგადოებას ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, საზოგადოებას 2022-2023 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 29 წევრისგან შედგება. მისივე თქმით, ფრაქცია საერთო პოლიტიკური შეხედულებების მქონე საკრებულოს წევრთა მიერ უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისა და საქმიანობის კოორდინირებულად წარმართვის მიზნით შეიქმნა.

ოთარ გრიგოლიას განცხადებით, ფრაქციის წესდების გათვალისწინებით, ფრაქციის სხდომა იმართება თვეში მინიმუმ ერთხელ და განიხილება დედაქალაქში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები, რის შემდეგაც მზადდება რეკომენდაციები, რომლებიც შემდგომში საკრებულოს სხდომაზე ერთიან შეჯერებულ პოზიციაში გამოიხატება. ფრაქციის თავმჯდომარემ ანგარიშის წარდგენისას დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება.

„ბიუჯეტი 2023 წელს ერთი მილიარდ 774 მილიონ 926 ათასი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 142 მილიონ 794 ათასი ლარით არის გაზრდილი. ცხადია, წელსაც პრიორიტეტულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ჯანდაცვა და სოციალური პროექტები, ინფრასტრუქტურული და გარემოს დაცვითი ღონისძიებები“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

მან ის ძირითადი პრიორიტეტები დაასახელა, რომლებიც, მისი თქმით, მთავარია დედაქალაქის განვითარებისთვის, ესენია: სატრანსპორტო რეფორმა, ურბანული პროექტები და სოციალური მიმართულება.
ოთარ გრიგოლიას განცხადებით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები 65,357.0 ლარით, ტრანსპორტის განვითარება 405,357.0, საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაცია 50,000.0, მეტროს სადგურების რეკონსტრუქცია-მშენებლობა 4,000.0, ხოლო საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდია 1 286,000.0 ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას, ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, მკვეთრად გაზრდილია სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების ხვედრითი წილი, ის 144 მილიონ 160 ათასი ლარით გაიზარდა.

„მნიშვნელოვანია, რომ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი ბავშვების რაოდენობა 300-ით იზრდება და 1850 ბენეფიციარით განისაზღვრება. ხოლო ვაუჩერი 450 ლარამდე იზრდება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პრემიერ-მინისტრის მიერ, კერძოდ: პირველი ივლისიდან ღვიძლის ტრანსპლანტაცია 100%-ით დაფინანსდება მთელი საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, თბილისის მერიაც 100%-ით დააფინანსებს აღნიშნულ ოპერაციას. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ახალი ქვეპროგრამა, რომელიც სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსებას ეხება და 500,0 ათასი ლარით განისაზღვრება. ქვეპროგრამა, რომელიც 2023 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების საჭიროების მქონე პირებისათვის, ოპერაციის დაფინანსებას გულისხმობს. ასევე აღსანიშნავია, რომ გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტები და კვლევები სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, 100%-ით უფინანსდებათ. ხოლო ამ სტატუსის არმქონე დანარჩენ ჩვენს თანამოქალაქეებს, საჭიროებიდან გამომდინარე, მედიკამენტები 80%-ით უფინანსდებოდათ“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

მანვე, როგორც ურბანული განვითარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრმა, კომისიის საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში, 2022 წლის 1 ნოემბრიდან ამა წლის 1 ნოემბრის ჩათვლით, ჩატარებულ იქნა 18 სხდომა და რიგი შეხვედრები. საანგარიშო პერიოდში კომისიის სხდომებზე საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად განხილული და შესწავლილი იქნა ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის #39-18 დადგენილებაში განსახორციელებელი ფუნქციური ზონის 344 ცვლილება. ოთარ გრიგოლიამ ისაუბრა ევროსაბჭოს მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზეც. მან განაცხადა, რომ სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 44-ე პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა. „ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პლენარულ სესიაზე მივიღეთ დეკლარაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული ომის შესახებ. ასევე ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონთა საბჭოს კომიტეტის (CEMR) შეხვედრას ვუმასპინძლეთ. სტუმრებს ახალგორის გამგებელმა გელა შერმადინმა უმასპინძლა და მათ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გარდა ამისა, გელა შერმადინმა სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შესახებ ისაუბრა და უცხოელ სტუმრებს ის ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო, რომლებიც წეროვანში ბოლო დროს განხორციელდა“, – დასძინა ოთარ გრიგოლიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები