“მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში კრიმინოგენული ვითარება არ გაუარესებულა”

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში კრიმინოგენული ვითარება არ გაუარესებულა, – აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ “ალიასთან” ინტერვიუში გააკეთა.
მისივე თქმით, ოპონენტები ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან განწყობა, თითქოს სახელმწიფოში კრიმინალი გაზრდილია, მინისტრის განმარტებითვე, ეს “ნაციონალური მოძრაობის” პიარკამპანიის ნაწილია.
“თითოეული ადამიანის სიცოცხლე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ვალია მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა. იყო გარკვეული ინფორმაციები, რომ კონკრეტული ჯგუფები შინაგან საქმეთა სამინისტროზე იერიშის მოტანას აპირებდნენ, ისინი კი კარგად განსწავლულები არიან პიარკამპანიაში და პროპაგანდაში, მათ სცადეს, საზოგადოებაში შეექმნათ განწყობა, თითქოს კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კრიმინოგენული ვითარება არ გაუარესებულა! მესმის, სტატისტიკით საუბარი გამაღიზიანებელია, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, მაგრამ ოპონენტები კრიმინალის გაუარესებაზე როცა საუბრობენ, აუცილებელია მათ შევახსენო ის სტატისტიკა, რაც იყო რამდენიმე წლის წინ და შეადარონ დღევანდელ სტატისტიკურ მონაცემებს. არ ვაპირებ, დავუბრუნდე წარსულს და კიდევ ერთხელ შევახსენო ადამიანებს, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე. ადამიანებს აინტერესებთ, თუ რა ხდება დღეს, რა ამოცანების წინაშე ვდგავართ და როგორ ვაპირებთ კრიმინალთან ბრძოლას. კრიმინალი ყოველთვის მოხდება და ყველა შემთხვევის პრევენცია თითქმის შეუძლებელია, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მომხდარი მკვლელობები, ძირითადად, ოჯახურ გარჩევებს მოყვა, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ -ერთ რესტორანში მკვლელობა მოხდა, ბიძაშვილები ერთად ქეიფობდნენ, შელაპარაკების შედეგად ბიძაშვილმა ბიძაშვილს ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა, სამწუხაროდ, პიროვნება გარდაიცვალა, ასეთ ფაქტებზე პოლიცია პრევენციას ხშირ შემთხევვეაში ვერ მოახდენს”, – აცხადებს ალექსანდრე ჭიკაიძე საგაზეთო ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები