საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელა. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მომდევნო წელი დაგეგმილია 5,2%-იანი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ბიუჯეტის დეფიციტი განსაზღვრულია 2,5%-ის ოდენობით, ხოლო ვალის მოცულობა პროგნოზირებულია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 38,2%-ს ოდენობით.

ჯამში, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები პროგნოზირებულია 21,2 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო მთლიან შიდა პროდუქტის პროგნოზი შეადგენს 85,4 მლრდ ლარს. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, შემოსულობები ჯამში შეადგენს 23 881.7 მლნ ლარს, საიდანაც შემოსავლები 19 883,9 მლნ ლარია, მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები 18 323 მლნ ლარი.

„ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 24,161.2 მლნ ლარია, საიდანაც მესამედზე მეტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებზე დაიხარჯება და აღნიშნული თანხა 7 735,0 მლნ ლარია“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებების მოცულობა 2024 წლის ბიუჯეტში შემდეგია: საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები – 82 586,5 ლარი; ფინანსთა სამინისტრო – 114 000,0 ლარი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 646 000,0 ლარი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 3 350 850,0 ლარი; იუსტიციის სამინისტრო – 400 000, 0 ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტრო – 187 500 , 0 ლარი; თავდაცვის სამინისტრო – 1 370 000, 0 ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო – 1 210 000, 0 ლარი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 685 000, 0 ლარი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 2 340 000, 0 ლარი; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 460 000, 0 ლარი.

2024 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.

ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ კომიტეტმა გენერალური აუდიტორს ცოტნე ყავლაშვილს მოუსმინა, რომელმაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა წარადგინა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტზე. რაც შეეხება ეროვნული ბანკის დასკვნას ბიუჯეტის პროექტზე, იგი დეპუტატებს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბურკიაშვილმა გააცნო.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები