ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქსტატის” 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატის”) 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, „საქსტატის” 2022 წლის ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენდა დაახლოებით 13 მლნ ლარს, გრანტების გეგმა – 1 365 000 ლარს, საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გეგმა – 200 000 ლარს.

„2022 წლის შემოსავლების გეგმა განისაზღვრა დაახლოებით, 14,5 მლნ ლარით და ბიუჯეტის შესრულებამ შეადგინა 94%”, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესაბამისი სტატისტიკური გამოკვლევების სამუშაოების დაგეგმვა, მართვა, წარმოება და მონაცემთა გავრცელება; მეთოდოლოგიური და სტატისტიკური სტანდარტების შემუშავება; დასახული ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად საჭირო საკადრო, ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და ინფორმაციულ-ტექნოლოგიური რესურსებით უზრუნველყოფა. გოგიტა თოდრაძის განცხადებით, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია არსებული მეთოდოლოგიების პერიოდული გადასინჯვა და არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა, პირველადი მონაცემთა ხარისხის მუდმივი მონიტორინგი, მონაცემთა შეგროვების უფრო ეფექტური, თანამედროვე სისტემების დანერგვა და ადმინისტრაციული მონაცემების მაქსიმალურად გამოყენება. მისი თქმით, საბოლოო სტატისტიკური პროდუქტების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს პირველად მონაცემთა ხარისხის მუდმივი შეფასება და მონიტორინგი. კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „საქსტატის” ხელმძღვანელს სწორად აქვს გააზრებული, რომ „საქსტატი” მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლების სადემონსტრაციოდ არ არსებობს და მას მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქციები აქვს. „მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისთვის შეიქმნას კარგი ნიადაგი – ეს არის მთავარი ამოცანა, რასაც „საქსტატი” ახორციელებს”, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

კომიტეტმა „საქსტატის” 2022 წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები