დევნილთა და განსახლების სამინისტრო 33 ეკომიგრანტი ოჯახისთვის საცხოვრებელ სახლებს შეისყიდის

დევნილთა და განსახლების სამინისტრო 33 ეკომიგრანტი ოჯახისთვის, 20 000 ლარის ფარგლებში, საცხოვრებელ სახლებს შეისყიდის. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, დევნილთა და გასახლების სამინისტროს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის სულ 1786-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა მიმართა.
„შეიცვალა მიდგომა, რომლის მიხედვითაც სტიქიით დაზარალებული ოჯახების განსახლება მათთვის უცხო გარემოში ხდებოდა. სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საშუალება მიეცათ, მათთვის ხელსაყრელ მუნიციპალიტეტში სახლი თავად მოიძიონ, რაც გააადვილებს განსახლების შემდგომ ინტეგრაციის პროცესს. 33 სახლის შეძენა 2014 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში მოხდება. დევნილთა და გასახლების სამინისტროს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის სულ 1786-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა მიმართა. განაცხადებები, საქართველოს ყველა რეგიონიდან, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კი მაღალმთიანი აჭარიდან და ზემო სვანეთიდან შემოვიდა. ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტმა, სპეციალური კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ ოჯახს წინასწარი სარეიტინგო ქულები მიანიჭა. „სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ გადაწყვეტილებით, უმაღლესი ქულის მქონე 76 ოჯახის საცხოვრებელი პირობების, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სამინისტროში სამუშაო ჯგუფები შეიქმნა. მონიტორინგის ჯგუფებმა სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილზე შეისწავლეს. აღნიშნული ჯგუფების მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, კომისიამ ის 33 ოჯახი შეარჩია, რომლებიც, პირველ რიგში, საჭიროებენ განსახლებას. ეკომიგრანტ ოჯახებს მიეცათ 20-დღიანი ვადა, რათა წარმოადგინონ მათ მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლების დოკუმენტაცია შემდგომი შესყდივის მიზნით“, – აცხადებენ სამინისტროში.
როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, საცხოვრებელი სახლების განაწილების პროცესი გამჭვირვალეა და მასში სახალხო დამცველის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
„სამინისტროში არსებულმა კომისიამ ინტენსიურად იმუშავა ეკომიგრანტების განაცხადებზე, ასევე განხორციელდა მონიტორინგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მონიტორინგის ჯგუფებმა უშუალოდ შეამოწმეს განაცხადში მითითებული ინფორმაცია. მონიტორინგის ჯგუფში ჩართულები იყვნენ გეოლოგები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რის შედეგადაც მონაცემებმა გარკვეული ცვლილებები განიცადა და მოხდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 33 ოჯახზე, რომლებიც წლევალდენილი ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან 20 000-ლარამდე. მათ შეეძლებათ მოიძიონ სახლები, რომლებიც შესყიდვის შემდგომ დაუკანონდებათ. რაც შეეხება პროცესს, პროცესი იყო გამჭვირვალე, ვინაიდან კომისიის შემადგენლობაში, გარდა სამინისტროს წარმომადგენლებისა შედიან სახალხო დამცველის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ვფიქრობ, დადებითად უნდა შევაფასოთ ეს პროცესი, ვინაიდან სამკაოდ ყურადღებით მოვეკიდეთ თითოეულ განაცხადს და ამ ეტაპზე რესურსების გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ყველა იმ ოჯახზე, რომელიც პირველ რიგში საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები