სახალხო დამცველმა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის ეკომიგრანტების სოციალური საცხოვრისი მოინახულა

2025 წლის 26 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის ეკომიგრანტების სოციალური საცხოვრისს ეწვია, დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და იქ მაცხოვრებლებს გაესაუბრა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, იოსელიანთან შეხვედრისას სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლებმა სასმელ წყლის მიწოდების პრობლემასა და საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობით გამოწვეულ არასათანადო სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებთან დაკავშირებით ისაუბრეს. ამასთან, ვინაიდან, შენობა არ არის გაზიფიცირებული, ზამთრის პერიოდში ოჯახებს გათბობისთვის საკმაოდ დიდი ხარჯის გაწევა უწევთ.

თავად საცხოვრისის შიდა ეზო არ არის კეთილმოწყობილი, არ არის არც სკვერი და არც სპორტული მოედანი საცხოვრისში მცხოვრები ბავშვებისთვის.

სახალხო დამცველი აგრძელებს ქვეყანაში მოქმედი სოციალური საცხოვრისების მონახულებას და გამოკვეთილი პრობლემების აღკვეთის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების ხელმძღვანელებთან შეხვედრას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები