კარიბის ზღვის კუნძულებზე ქონების შეძენის შემთხვევაში, ინვესტორებს 150-ზე მეტ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლა შეეძლებათ, მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და შენგენის ზონაში
კარიბის ზღვის ზოგიერთი ქვეყანა ხალხს ინვესტიციით მოქალაქეობის (CBI) პროგრამებს სთავაზობს, სადაც უძრავი ქონების შეძენა მეორე პასპორტის მიღებას ნიშნავს,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
პროგრამა უვიზოდ ან ჩასვლისთანავე ვიზის მიღების შესაძლებლობას იძლევა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და შენგენის ზონაში.
როგორც მედია იუწყება, ხუთი კუნძულოვანი ერი – ანტიგუა და ბარბუდა, დომინიკა, გრენადა, სენტ-კიტსი და ნევისი და სენტ-ლუსია, ასეთ პროგრამაში არიან ჩართულნი.
ეს პროგრამები უცხოელ ინვესტორებს საშუალებას აძლევს, მიიღონ მოქალაქეობა და პასპორტი კვალიფიციური ინვესტიციის სანაცვლოდ, ხშირად უძრავ ქონებაში ან სამთავრობო შემოწირულობაში. უძრავი ქონების შესაძენად მინიმალური ინვესტიციის ოდენობა, დაახლოებით, 200 000 დოლარიდან იწყება.
“ბიბისის” ცნობით, ამ პროგრამებით გაცემული კარიბის ზღვის აუზის პასპორტები 150-ზე მეტ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლას იძლევა, მათ შორის ისეთ პოპულარულ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და შენგენის ზონა.
აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამების უმეტესობა მოქალაქეობის შესანარჩუნებლად ინვესტორისგან ქვეყანაში ცხოვრებას არ მოითხოვს.
კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების CBI პროგრამებზე განაცხადების საერთო რაოდენობა 2024 წლის მეოთხე კვარტლის შემდეგ 12%-ით გაიზარდა. მედიაში ამბობენ, რომ აშშ-ში პოლიტიკური და სოციალური არასტაბილურობა ინტერესის ზრდას უწყობს ხელს.