თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის მიერ საქართველოს კიდევ 10 მოქალაქის მიმართ სავიზო სანქციების დაწესებას.
როგორც პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რაღაც მომენტში, სოვლაბი, ალბათ, ამ პოსტსაბჭოურ ფენომენსაც გამოიკვლევს და ყველა გავიგებთ რა დაუშავა ვასილ მჟავანაძემ ანტანას სნიეჩკუსს.
„თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს. იმის გათვალისწინებით, რომ ბალტების პოლიტიკური ელიტა, დიდ წილად, კომუნისტური ნომენკლატურის ოჯახებისგან შედგება, ეს ბოღმა, აშკარად, საბჭოთა კავშირიდანაა ჩარჩენილი. რაღაც მომენტში, სოვლაბი, ალბათ, ამ პოსტსაბჭოურ ფენომენსაც გამოიკვლევს და ყველა გავიგებთ რა დაუშავა ვასილ მჟავანაძემ ანტანას სნიეჩკუსს. მინიმუმ, როდესაც სოვლაბი მიხვდება, რომ უცხოური დაკვეთით ხელისუფლების დამხობა ისევ ჩაიშალა“, – წერს პაპუაშვილი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ ლიეტუვამ ქართველი მოსამართლეები და „ქართული ოცნების“ წევრები დაასანქცირა და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.