რუმინეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ადამიანი ევაკუირებულია

აღმოსავლეთ რუმინეთში ძლიერ წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სტიქიამ ათასობით სახლი დააზიანა, ასობით ადამიანი კი ევაკუირებულია.

ოფიციალური პირების თქმით, ოთხი ვერტმფრენი ჩარჩენილ სოფლის მოსახლეობას ეძებს.

საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, ცხრა ოლქში ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად 25-მდე სოფელი დაზარალდა. სტიქიამ შენობებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა, რამაც ზოგიერთ გზაზე მოძრაობა შეაფერხა.

ამასთან, გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ წაიღო წყალდიდობამ ხის სახლები და მანქანები, მაშველები კი ამოწმებენ მანქანებს პოტენციური მსხვერპლის აღმოსაჩენად.

ყველაზე მეტად აღმოსავლეთ რუმინეთში, ნეამტისა და სუჩავას ოლქები დაზარალდა, სადაც ორი მდინარე კალაპოტიდან გადავიდა, რის შედეგადაც 66 წლის მამაკაცი დაიღუპა და ასობით ადამიანი იძულებული გახდა ევაკუირებულიყო. სუჩაავას ოლქის სოფელ ბროსტენისკენ მიმავალი ყველა გზა გადაიკეტა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მოგვიანებით განაცხადა, რომ წყალდიდობის მსხვერპლი ასევე გახდნენ ორი –  85 და 83 წლის ქალები. მეხანძრეებს მდინარის კალაპოტიდან ერთ-ერთი ცხედრის ამოსაყვანად ექსკავატორის გამოყენება დასჭირდათ.

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს წყლის მართვის სააგენტოში განაცხადეს, ზოგიერთ მდინარეში წყლის დონემ რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. მიმდინარეობს დანგრეული ხიდების აღდგენითი სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები