“ჩვენი რეიტინგის ზრდა არ გაგვკვირვებია, ვინაიდან ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახეს, რომ მიუხედავად ამ წნეხისა და ზეწოლისა, „ქართული ოცნების“ პირობებში ამ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, ეკონომიკური ზრდა, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში გვაქვს, რომელზეც მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ ეს ზრდა გაგრძელდება მინიმუმ 2030 წლამდე და ძალიან დიდი ალბათობით 5 წელიწადში საქართველო გადავა მაღალ შემოსავლიანი ქვეყნების რიცხვში”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.
„ბატონმა ტრამპმა რაც დაიკავა ოვალური ოფისი, ჩვენი მოქალაქეები აკვირდებიან, რომ ძალიან ბევრი რაღაც გამომჟღავნდა ისეთი, რაზეც „ქართული ოცნება“ სამი წლის განმავლობაში საუბრობდა. ჩვენი მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს რაღაცების არ სჯეროდათ, მაგრამ გამომჟღავნდა, რომ თურმე რაზეც ვსაუბრობდით სამი წლის განმავლობაში და რა ნაბიჯებსაც ჩვენ ვდგამდით, როგორი ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკაც გვქონდა, ეს ყველაფერი იყო აბსოლუტურად უალტერნატივო.
როდესაც მოქალაქეები აკვირდებოდნენ, თუ რაში იყო საქმე გამჭვირვალობის ქართულ კანონთან, ვინაიდან იმ კანონს უწოდეს რუსული, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს და ატყუებდნენ. ერთ წელზე მეტი გავიდა და მოსახლეობა დარწმუნდა, რომ რა მოლოდინებსაც ისინი გამოთქვამდნენ, არაფერი არ მოხდა. მსგავსი სცენარი განვითარდა ნოემბრის და დეკემბრის აქციებზე, სადაც ასევე დარწმუნდა მოსახლეობა, რომ სიმართლე „ქართული ოცნების“ მხარეს იყო“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.