28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა

28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ჰეპატიტების პრევენციასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები და მიღწევები შეჯამდა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მოწვეულ სტუმრებს, სიტყვით, ჯანდაცვის მინისტრმა მიმართა. მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებული ყურადღება, საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევებსა და B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, პროგრამის წარმატებით ფუნქციონირებაში, თენგიზ ცერცვაძის ღვაწლი შეუფასებელია და მისი როლი გადამწყვეტი იყო როგორც პროგრამის დაგეგმვის, ისე – მისი ეფექტიანი განხორციელების პროცესში.

შეხვედრაზე, ელიმინაციის სტრატეგიის მნიშვნელოვან ასპექტებზე, გადაცემის პრევენციაზე, ინფიცირებული პირების გამოვლენაზე, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესებასა და ცნობიერების ამაღლებაზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან, ქვეყანაში, მოქმედებს B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაც, რომლის ფარგლებში, სახელმწიფო, სრულად ფარავს სკრინინგულ და დიაგნოსტიკურ კვლევებს, ასევე, პაციენტებს, უსასყიდლოდ, გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები.

C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს ამოქმედდა და დღემდე, პროგრამაში, 91 300-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო, მკურნალობა დაასრულა 87 000-მა მოქალაქემ, განკურნების მაჩვენებელია 98.5%. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სერვისები, როგორც დიაგნოსტიკა, ისე – სამკურნალო მედიკამენტი, ფინანსდება სრულად სახელმწიფოს მიერ და არ ითვალისწინებს თანაგადახდას, პაციენტის მხრიდან.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, „თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო – პრაქტიკული ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი მარინე ეზუგბაია. ასევე – მედიკოსები, პაციენტები და სხვა მოწვეული სტუმრები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები