ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელებს კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელებს კონტროლის გაამკაცრებისკენ მოუწოდებს. პრემიერის თქმით, ისტერიკა, რაც ამ დღეებში გვესმოდა, პირადად, მინისტრის და მთელი სამინისტროს დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული.
“მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო პოლიციელებს, მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი. მათ აქვთ ამის სრული უფლება კანონით მინიჭებული და ის ისტერიკა, რაც ამ დღეებში გვესმოდა, მიმართული იყო პირადად მინისტრის და მთელი სამინისტროს დისკრედიტაციისკენ. პროცესი არის მაქსიმალურად გამჭვირვალე, ჩვენ არაფრის დამალვა არ გვჭირდება. მთავარია ის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ სიმშვიდის განცდა. მოგიწოდებთ, რომ თქვენ გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენს ოპონენტებთან საუბარს აზრი არ აქვს, მაგრამ ვამბობ თქვენი და ჩვენი მოქალაქეების გასაგონად – სიტუაცია არის აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ და არავითარი გაუარესება არ ყოფილა. პირიქით, გვაქვს საგრძნობი კლება და დღეს მიმდინარე ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ იყოს მეტი წესრიგი, დისციპლინა; ბაღებში და სკვერებში, სადაც ბავშვები და დედები დადიან, არ ხდებოდეს ღრეობა, სმა, გინება და ჩხუბი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა კახეთში სტუმრობისას.
პრემიერის განმარტებით, საპოლიციო კონტროლი ჩვეულებრივი, ევროპაში აპრობირებული და პრევენციული ღონისძიებებია, რომელთა გატარების სრული უფლება აქვს პოლიციას. მისივე თქმით, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან დანერგილი ტერმინი – რეიდი არის მიზანმიმართული, რათა მოქალაქეებს გაუჩინონ გარკვეული ნეგატიური ასოციაცია ბნელ წარსულთან.
“მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს, მინისტრს და უწყების ხელძღვანელობას იმისთვის, რომ ძალიან ეფექტურად ახორციელებენ ამ ღონისძიებებს. მინდა, შეგახსენოთ, რომ ორი წლის წინ, როცა მოვედით ხელისუფლებაში, მე ვიყავი სამინისტროში პოლიტიკის რადიკალურად შეცვლის ინიციატორი. ძალიან კარგად გახსოვთ, რა დაგვხვდა ჩვენ – კუდ-ი, სოდ-ი. სრული რეორგანიზაცია ჩავატარეთ სამინისტროში. ჩემი მთავარი პრინციპებია კანონიერება, სამართლიანობა და ჰუმანურობა, ამ სამი პრინციპის დამცველები ვართ და ვიქნებით მუდამ”, – აღნიშნა პრემიერმა. მისი თქმით, კრიმინალთან ბრძოლაში მთავრობა აბსოლუტურად უკომპრომისოა და არავითარი დათმობა არ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები