ოთარ შამუგია: „ღვინის დღეების“ ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით, უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
სიმბოლურია, რომ დღევანდელი საერთაშორისო კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი – შედეგები და სიახლეები“ ტარდება ღვინის დღეების ფარგლებში, რომელიც პრემიერმინისტრის ინიციატივით დაარსდა და ყოველწლიურად იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ღვინის დღეებით ჩვენ ვახსენებთ მთელ საზოგადოებას, რომ ქართული ღვინო არის ჩვენი კულტურის და ისტორიის ნაწილი. აღსანიშნავია, რომ „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტის“ ფარგლებში, დაიდო საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო დასკვნა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებისთვის, ის გახდა მთავარი გზავნილი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ღვინის დაყენების 8000 წლიანი უწყვეტი ისტორიით“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მსოფლიოს 11 ქვეყნიდან (საქართველო, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, აშშ, კანადა, ისრაელი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ხორვატია) 22 მეცნიერი, მკვლევარი და ექსპერტი ესწრება.
მათივე ცნობით, კონფერენცია მიზნად ისახავს მევენახეობა – მეღვინეობის დარგის მკვლევრებს და სხვადასხვა დისციპლინის ექსპერტებს, სპეციალისტებს, დაინტერესებულ პირებს და, ზოგადად, ფართო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში განხორციელებული შედეგების და დაგეგმილი სამომავლო აქტივობების შესახებ.
„კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერები და მკვლევრები წარმოადგენენ მოხსენებებს სამომავლო კვლევების პრიორიტეტულ მიმართულებებზეც.
აღსანიშნავია, რომ 10-12 ოქტომბერს, „ღვინის დღეების“ ფარგლებში, თბილისი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი – შედეგები და სიახლეები“ მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.