გაერო: ორივე მხარეს დაღუპულთა რიცხვი 1600-ზე მეტია

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისმა (OCHA) ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელსა და ღაზას სექტორში განვითარებული მოვლენების მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა.

მათი ინფორმაციით, “ჰამასი” აგრძელებს ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლას, ხოლო ისრაელის ძალები “ჰამასის” პოზიციებს ინტენსიურად უტევენ.

10 ოქტომბრის დღის ბოლოს არსებული მონაცემით, ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმას ისრაელის და უცხო ქვეყნების 900-ზე მეტი მოქალაქე შეეწირა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ მცირე, 2616 ადამიანი დაშავდა.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაიღუპა 687 პალესტინელი, 3800 კი დაშავდა.

კიდევ 17 პალესტინელი, მათ შორის, ოთხი ბავშვი დაიღუპა დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის არმიის ქმედების შედეგად, 295 კი დაშავდა.

გასული 24 საათის განმავლობაში ღაზას სექტორში მასობრივმა გადაადგილებამ 187 518 ადამიანს მიაღწია და მოსალოდნელია, რომ ის კიდევ გაიზრდება.

ესკალაციის შემდეგ, ღაზას სექტორში ოთხი სკოლა და რვა სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა.

გაერო აღნიშნავს, რომ ღაზას სექტორში დევნილთა რიცხვი ყველაზე მაღალია 2014 წლის შემდეგ, როდესაც 50-დღიანი ესკალაცია მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები