განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, მომავალ წელს რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,2%-ის ოდენობით, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ს 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 38,2%-ის ფარგლებშია. მისივე თქმით, 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 27,8 მლრდ ლარს შეადგენს.

გიორგი კაკაურიძემ 2024 წლის ბიუჯეტში სხვადასხვა უწყებისთვის გამოყოფილ თანხაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებაზე გაამახვილა.

„მომდევნო წლის ბიუჯეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის 2 მლრდ 340 მლნ ლარია გათვალისწინებული. სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით გამოყოფილია 1 მლრდ 527 მლნ ლარი, პროფესიულ განათლებაში გათვალისწინებულია 98.მლნ ლარი; უმაღლესი განათლებაში – 162 მლნ ლარი; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიმართულებით – 78 მლნ ლარი, ინკლუზიური განათლებაში – 56 მლნ ლარი; რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, უშუალოდ სამინისტროს ფარგლებში გამოყოფილია 326 მლნ ლარი”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ სხდომაზე განაცხადა, თემატური მოკვლევის ფარგლებში, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის ინიციატივით დაიწყო და რეგიონებში საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრაზე და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების მიმართულებით მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი მიგნებები გამოიკვეთა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოკვლევის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად მომდევნო წლის ბიუჯეტში მოხდეს თანხის გათვალისწინება. ასევე, მოხდეს თანხის გამოყოფა მეცნიერებათა აკადემიის წევრებისთვის ხელფასის ზრდის მიმართულებით.

„ძირითადად გამოიკვეთა უნივერსიტეტებისთვის შემდეგი საჭიროებები: საერთო საცხოვრებლების მშენებლობა, თელავის საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია, ასევე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული საკითხები, რომელიც 6 სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს რეგიონებში”, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის გელა გელაძის განცხადებით, სამინისტრო, კერძო სექტორთან ერთად, აქტიურად მუშაობს რეგიონებში არსებული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურული საჭიროებების მიმართულებით და აღნიშნული საკითხი მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები