გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე მსოფლიო ენოტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტ ჟიზე ანტონიო ვიდალს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე მსოფლიო ენოტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტ ჟიზე ანტონიო ვიდალს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ენოტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

„საქართველო ღვინის ქვეყანაა, რომელსაც 8000 წლიანი ისტორია აქვს. ჩვენ ამ ისტორიას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით, ვმუშაობთ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასა და ექსპორტის გაზრდაზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ტურიზმი მკვეთრი ნაბიჯებით ვითარდება; ტურიზმი და ღვინის წარმოების წარმატებული ინდუსტრია აძლიერებს ჩვენს ეკონომიკას. ნებისმიერ სფეროში, მათ შორის ენოტურიზმის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება განვითარების აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირობაა“, – აღნიშნა კახა კაკაბაძემ.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ღვინის ხარისხს. ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში ღვინის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. საუბარი შეეხო საექსპორტო პოტენციალის და ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხსაც.

„მსოფლიო ენოტურიზმის ასოციაციის ძირითადი მიზანია განვავითაროთ ენოტურიზმი იმ ქვეყნებში, სადაც თანამშრომლობას ვიწყებთ. მთავარია, გავზარდოთ ქვეყნის ცნობადობა. ჩვენ ვეხმარებით როგორც საჯარო და კერძო, ასევე აკადემიურ სექტორს. კონგრესები, შეხვედრები, ტურისტული გამოცდილების გაზიარება – ყველა ამ მიმართულებას მოიცავს ჩვენი ასოციაცია“, – აღნიშნა ჟიზე ანტონიო ვიდალმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ალკალის უნივერსიტეტის წარმომადგენელი მიგუელ გამბა, ესპანურ-ქართული ასოციაციის სავაჭრო პალატის დამფუძნებელი ქეთი გორგილაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დირექტორი ვახტანგ წივწივაძე ესწრებოდნენ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა კახეთში ქართული ღვინის კომპანიები და მარნები დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები