„უმუსიკოდ ჩემი არცერთი ნამუშევარი არ შექმნილა“…

რუსთავის ხელოვნების კოლეჯში ფერმწერ-მოქანდაკის სპეციალობაზე სწავლობდა, თბილისის სამხატვრო აკადემია კი მოდის დიზაინის განხრით დაამთავრა. მაგისტრის ხარისხი ტექსტილის დიზაინში დაიცვა.
2010 წლიდან აქტიურად მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში.
2017 წელს საქართველოსა და ბერლინში ორი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. საქართველოს მხატვართა კავშირისა და რუსთავის გაერთიანება „გამას“ წევრია. – თამარ თოდაძის პერსონა.

– დავიბადე რუსთავში, ოჯახში უფროსი შვილი ვიყავი, გავიზარდე ორ დასთან ერთად. ხატვა მამამ შემაყვარა, თავისუფალ დროს მე და შუათანა დას გვახატინებდა, ვფიქრობ, ეს ნიჭი მამისგან გამომყვა, ვხატავ იმ დროიდან, როცა შევძელი ფანქრის დაჭერა.
მეხუთე კლასის დასრულების შემდეგ დედამ შემიყვანა   ნიკო ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლაში.
ოთხწლედის დასრულების შემდგომ სწავლა განვაგრძე ხელოვნების კოლეჯში ფერწერის განხრით.
2008 წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის  მოდის დიზაინის ფაკულტეტზე.
რუსთავის ხელოვნების კოლეჯი დაამთავრეთ, შემდეგ – თბილისის სამხატვრო აკადემია, მოდის დიზაინის სპეციალობით…
– აკადემიამ მომცა დიდი გამოცდილება, სწავლა იმ პერიოდში როტაციის წესით მომიწია, რამაც კიდევ უფრო დიდი გავლენა მოახდინა, პირადად ჩემთვის ეს იყო უფასოდ სწავლის შესაძლებლობა.
აკადემიამ შემძინა უდიდესი გამოცდილება, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ჩემი სტილი.
რატომ დიზაინი? იყო ბავშვობის გართობა, როდესაც ტანსაცმელს ვკერავდი და ვქსოვდი ჩემი თოჯინებისთვის.
საინტერესოა თქვენი აბსტრაქციები, გობელენი და ლითონის ფიგურები აბრეშუმის ქაღალდით ინტერიერისთვის… როგორ იქმნება თითოეული ასეთი ნამუშევარი?
– გობელენი და ლითონის ფიგურები აბრეშუმის ქაღალდით არის ჩემი სადიპლომო ნამუშევარი.
გობელენის ინსპირაციის წყარო იყო  2008 წლის აგვისტოს ომი. მახსოვს, ომის შემდეგ პირველად რომ გორში შევედით. კადრივით ჩამრჩა გონებაში დანგრეული და გადამწვარი ქალაქი, სოფლისკენ მიმავალ გზაზე, მთა გორამზე დამწვარი ნაძვები, მზე ჩადიოდა და ისეთ შეგრძნებას ტოვებდა, თითქოს ისევ ცეცხლი ეკიდა, ლითონის ჩარჩოც ამ აბსტრაქტული ნამუშევრის „გობელენის” კომპოზიციის გაგრძელებაა და დასასრული, რომელიც აერთიანებს მთლიან კომპოზიციას.
ლითონის ფიგურების სერია კი ორ ნაწილად დავყავი, ქართული ანბანი, ადამიანის სილუეტში ჩასმული, ასომთავრული  ანბანის დეტალები აბრეშუმის ქაღალდზეც უძველესი დამწერლობის ინსპირაციის წყაროდ იქცა, რაც ძალიან საინტერესოს ხდიდა მუშაობის პროცესს. მათ შორის ერთ-ერთი ფიგურა – საკუთარი მონოგრამა კომპოზიციურად ქმნის ქალის ფიგურას.
აკვარელი, გუაში, პასტელით და ტუშით შექმნილი ფიგურები… საინტერესოა სერიები: „მოლოდინი“ და „სიცოცხლის წყარო“…
– სერია „მოლოდინი“, „სიცოცხლის წყარო“,  და „დედაშვილობა“.  ამ სერიის შექმნა დავიწყე სტუდენტობის პერიოდში და ის ჩემს ქალიშვილს, ჩემს პირველ შვილს ეძღვნება.
– გაქვთ სერია: „ჩემი ყვავილები“… რომელ ნახატს გამოარჩევდით ამ სერიიდან? თავად რომელი ყვავილი გიყვართ?
– „ჩემი ყვავილები“ – ამ სერიიდან ალბათ ყველაზე მეტად მიმოზებს და იასამნებს გამოვარჩევ.
– „ჩემი ბალერინები“ –  ოქროს ფირფიტის იმიტაციით…
– „ჩემი ბალერინები“ ოქროს ფირფიტის იმიტაციაა, მასალა და ტექნიკა, რაც ჩემს საავტორო სტილს გამოარჩევს, სრული თუ ნაწილობრივი დაფარვით, ამ ტექნიკით სხვადასხვა სერია მაქვს შექმნილი. ოქროსფერი ფონი ჩემს ბალერინებს კიდევ უფრო გამოარჩევს, ნაზ, ჰაეროვან, პლასტიკურ ფიგურებს თითქოს უფრო დახვეწილს ხდის, ძირითად ტონებთან ტანდემში, ლურჯი და თეთრი.
ეს სერია ასევე შესრულებული  მაქვს შავ ფონზე ნაწილობრივი ოქროს დაფარვით, მაქვს ჩემი ხედვა და ხელწერა, რაც გამოარჩევს ჩემს ბალერინებს.
–  2010 წლიდან აქტიურად მონაწილეობთ საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში. – პერსონალური გამოფენის ავტორი ხართ საქართველოსა და ბერლინში… მონაწილეობდით გამოფენაში – „თბილისური დღეები მილანში“…
– სტუდენტობის პერიოდიდან აქტიურად ვმონაწილეობ გამოფენებში, ყველა გამოფენა მნიშვნელოვანია ჩემთვის და ვერ გამოვარჩევ რომელიმეს. მიხარია, რომ მეძლევა საშუალება, საქართველოს ფარგლებს გარეთ წარვადგინო ჩემი შემოქმედება და ვიმედოვნებ, მომავალშიც კიდევ არაერთი გამოფენა მექნება.
– ჰობი…
–   თავისუფალ დროს ვამზადებ ტიხრულ მინანქარს, უმუსიკოდ ჩემი არცერთი ნამუშევარი არ იქმნება. მიყვარს მოგზაურობა, რაც  ინსპირაციის წყაროდ იქცევა ხოლმე.
– ოჯახი…
– მეუღლე გოჩა გელაშვილი არქიტექტორია, ოჯახი სტუდენტობის პერიოდში შევქმენით და, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი გულშემატკივარი და გვერდში მდგომი მეუღლე, ჩემი შვილები და დედ-მამა არიან.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ვმუშაობ ბატიკის სერიაზე, აბრეშუმზე შესრულებული სხვადასხვა თემატიკის პანოებზე. ბატიკაზე აბრეშუმის ქაღალდით ვქმნი კომპოზიციებს, ვმუშაობ სხვადასხვა მედიაში, რაც უფრო საინტერესოს ხდის ჩემს შემოქმედებას.
–   გეგმები…
–  მინდა პერსონალური გამოფენის მოწყობა.

                                                                                                          თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები