“თუ რუსეთს ძალის აღდგენის შესაძლებლობა მიეცემა, მაშინ 2028 წლისთვის ის დაესხმება იმ ქვეყნებს, სადაც რუსული კონტიგენტებია” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთში, გრანადაში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების არაფორმალური სამიტზე სიტყვით გამოვიდა.
უკრაინის ლიდერმა გამოთქვა რწმენა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და კონფლიქტის „გაყინვის“ ნებისმიერი მცდელობის საფრთხის შესახებ ისაუბრა.
„რუსეთი უახლოესი წლებისთვის სხვადასხვა სცენარს განიხილავს. ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით საშიშია. თუკი უკრაინის წინააღმდეგ ამ აგრესიაში რაიმე პაუზა იქნება – სიტუაციის ნებისმიერი გაყინვა, დადგება ახალი კრიტიკული მომენტი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და ივარაუდა, რომ ასეთი კრიტიკული მომენტი შესაძლოა, 2028 წელს დადგეს, როდესაც რუსეთი შეძლებს იმ სამხედრო შესაძლებლობის აღდგენას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში დაკარგა.
„თუ რუსეთს ახლა მიეცემა ადაპტაციის უფლება, მაშინ 2028 წლისთვის კრემლი შეძლებს აღადგინოს ჩვენ მიერ განადგურებული სამხედრო პოტენციალი და რუსეთს ექნება საკმარისი ძალა, რომ შეუტიოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსული ექსპანსიის ყურადღების ცენტრშია. უკრაინის გარდა, ეს ნამდვილად ბალტიისპირეთის ქვეყნებია და ზუსტად ის ქვეყნები, რომელთა ტერიტორიაზეც რუსული კონტიგენტებია. ეს არის ნათელი ინფორმაცია ჩვენი დაზვერვისგან. ჩვენ სიგნალს გაძლევთ“, – თქვა ზელენსკიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ მას ეჭვი არ ეპარება შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის დახმარებაში.
“მე მჯერა ამერიკის. დარწმუნებული ვარ. ეს ძლიერი ხალხია, ძლიერი საზოგადოება, ძლიერი ინსტიტუტები, დემოკრატიის ძლიერი ენერგია. ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში ვიყავი. ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენს. ვესაუბრე კონგრესმენებს – ორივე პარტიას, ორივე პალატას. ისინი აბსოლუტურად მხარს უჭერენ თავისუფლების დაცვას და ესმით, რომ რუსეთს და ჩვენი ცხოვრების სხვა მტრებს სურთ, ისარგებლონ პოლიტიკური ქარიშხლების შედეგებით”, – თქვა მან.