სლოვაკეთის არჩევნებში გამარჯვება ანტიუკრაინულმა პარტიამ მოიპოვა – გააგრძელებს თუ არა ქვეყანა კიევის დახმარებას

სლოვაკეთში 30 სექტემბერს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობა ანტიუკრაინულმა პარტიამ მოიპოვა, რომელსაც ყოფილი პრემიერი – რობერტ ფიცო ხელმძღვანელობს.

ამის შესახებ Aktuality წერს.

კერძოდ, ოქმების 99%-ზე მეტის დამუშავების შედეგების მიხედვით, ფიცოს პარტია Smer-SD-მ ხმების 23,29% მოიპოვა; მეორე ადგილზეა პარტია “პროგრესული სლოვაკეთი”, რომელიც დაკავშირებულია მოქმედ პრეზიდენტ ზუზანა კაპუტოვასთან – 17,07%; მესამე ადგილზეა ყოფილი პრემიერმინისტრის, პიტერ პელეგრინის პარტია “ხმა” – 14,96%-ით; ექსპრემიერ იგორ მატოვიჩის OL’aNO+ ბლოკმა 9,01% მოიპოვა; პარტიამ SaS-მა მიიღო 6,22%, ხოლო ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ – 6,9%.

არჩევნების შედეგების კომენტირებისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ სლოვაკეთში კოალიციის ფორმირება გამოავლენს, თუ როგორი იქნება ბრატისლავას პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ მან კიევში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე თქვა.

„ჩვენ პატივს ვცემთ სლოვაკი ხალხის არჩევანს, მაგრამ ნაადრევია იმის თქმა, თუ რა გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგი სლოვაკეთის პოზიციაზე. ჩვენ უნდა დაველოდოთ კოალიციის შექმნას და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დასკვნების გამოტანა”, – თქვა მინისტრმა.

რობერტ ფიცოს პარტია ყურადღებას ამახვილებს „სუვერენული საგარეო პოლიტიკის“ აუცილებლობაზე, მხარს უჭერს აშშ-სა და ევროკავშირს შორის „თანაბარ ურთიერთობებს“ და უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ დასრულებას.

პარტიის პროგრამაში ნათქვამია, რომ „SMER ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო დახმარებას, რადგან ეს სამხედრო კონფლიქტის გაგრძელებას და მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვას იწვევს, და არც რუსეთის ფედერაციის მიმართ დამოკიდებულებას ცვლის“.

ფიცო ღიად იმეორებს რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებს, რომლის საბაბითაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

„მე ამას ხმამაღლა და გარკვევით ვამბობ: ომი უკრაინაში არც გუშინ და არც შარშან დაწყებულა. ეს დაიწყო 2014 წელს, როდესაც უკრაინელმა ნაცისტებმა და ფაშისტებმა დონბასსა და ლუგანსკში რუსების მკვლელობა დაიწყეს”, – თქვა ფიცომ აგვისტოში მშობლიურ ქალაქ ტოპოლკანში გამართულ მიტინგზე.

ის არა მხოლოდ პირობას დებს, რომ დაასრულებს უკრაინის სამხედრო დახმარებას, არამედ აცხადებს, რომ ევროკავშირი შეერთებული შტატების ხელში მარიონეტი გახდა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ჯორჯ სოროსთან ანტისლოვაკურ შეთქმულებაში ადანაშაულებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სლოვაკეთი აქტიურად აწვდიდა კიევს იარაღს და დასავლური დახმარების ლოგისტიკურ ჯაჭვში მნიშვნელოვანი რგოლი გახდა.

სლოვაკეთმა უკრაინას მიაწოდა Zuzana-2 ჰაუბიცები, M-17 შვეულმფრენები და 13-ვე MiG-29 გამანადგურებელი.

2022 წლის აპრილში ქვეყანამ კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემა S-300 გადასცა.

ასევე, მნიშვნელოვანია სლოვაკეთის გავლით უკრაინასა და ევროკავშირს შორის დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტი.

გარდა ამისა, ევროკავშირის მონაცემებით, სლოვაკეთმა 100 ათასზე მეტი უკრაინელი შეიფარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები