დედაქალაქში საზეიმოდ გაიხსნა ახალი, უმაღლესი დონის სასტუმრო, Radisson RED-ის ბრენდის სასტუმრო, რომელიც არის პირველი ჩვენს რეგიონში. ყველას გვახარებს ის ფაქტი, რომ ფოსტის ეს ისტორიული შენობა განახლებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა Radisson RED Tbilisi-ის საზეიმო გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ტურიზმის განვითარებით საქართველო ერთ-ერთი თვალსაჩინო და გამორჩეულია მთელს რეგიონში.
„შემთხვევითი არ არის, რომ წელს, უკვე ორი კვარტლის განმავლობაში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი აჭარბებს პანდემიამდე მდგომარეობას. შარშან გვქონდა 3,5 მილიარდი დოლარის პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან. წელს ველოდებით სულ მცირე 4 მილიარდი დოლარის შემოსავალს. დღევანდელი ინვესტიციაც, ეს პროექტიც მიუთითებს იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს სტაბილურობა, მშვიდობა და სწორედ ამიტომ შემოდიან, დებენ ინვესტიციებს არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ადგილობრივი ბიზნესმენებიც. მთავარია, ქვეყანაში გაგრძელდეს მშვიდობიანი, სტაბილური პერიოდი. ინვესტორები გრძნობენ ამ სტაბილურობას და ჩვენი ხელისუფლებისგან მხარდაჭერას. პროგნოზირებადობა ჩვენ გავხადეთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ყოველდღიურობა. ასეთი პროექტების განხორციელებას ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ. მთავრობა მზად არის, რომ მუდამ ხელი შეუწყოს ინვესტორებს ასეთი პროექტების განხორციელებაში. ვუსურვებ ამ პროექტის მესვეურებს, ინვესტორებს წარმატებას და ბევრი პროექტის განხორციელებას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.