„ყველაფერი წარმოსახვით ხდება“ – ულამაზესი ყელსაბამები, რომლებიც იქმნება: განწყობის, წელიწადის დროების, მუსიკის მიხედვით, ბავშვობის წლების ნოსტალგიითაც კი

ბავშვობიდან უყვარდა ხელოვნება და ქმნიდა ყელსაბამებს.
სპეციალობით დიზაინერია. ამბობს, რომ პირველი სერიოზული ყელსაბამები სადიპლომო ჩვენებაზე წარადგინა.
დაამთავრა გეოლოგიის ფაკულტეტი, მოგვიანებით – სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტანსაცმლის მოდელირების სპეციალობით.
ჰქონდა გამოფენები, ჩვენებები „მეტეხში“. წელს მისი პერსონალური გამოფენა გაიმართა „კლუბ 22“-ში, 2017-2019 წლებში კი  – ამერიკის შეერთებულ შტატებში, NY-ში.  – დიზაინერ თამარ კვერნაძის პერსონა.

– ყელსაბამების კეთება და ინტერესი ბავშვობიდან მქონდა, ჩემი შთაგონება მამიდაჩემის შავი მოელვარე ყელსაბამი იყო. დღეს ეს ყელსაბამი ჩემთან არის და საოცრად მიყვარს.
–  ხელოვნება და ქარგვა გიყვარდათ და მაინც, გეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრეთ…
– პირველად გეოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ალბათ იმიტომ, რომ მამა მყავდა გეოლოგი და ყოველთვის თან დამატარებდა, ბუნებაში ყოფნა და ფეხით სიარული დღესაც მიყვარს, პარალელურად ყოველთვის ვკერავდი და მძივებს ვაწყობდი.
შემდეგ უნივერსიტეტის  მოდელირების მეორად ფაკულტეტზე,  არც დავფიქრებულვარ, ისე ჩავაბარე.
ეს წლები ძალიან საინტერესო იყო, გვყავდა საოცრად გამოცდილი პედაგოგები, ვსწავლობდით: ტანსაცმლის მოდელირებას, კერვის ტექნოლოგიას, ფერწერას გრაფიკას, როგორ უნდა აგვეწყო კოლექცია, მუშაობა მოდელებთან, პოდიუმზე გამოსვლა, ფაქტობრივად, ტრამპლინი იყო  მოდაში მოღვაწეობისთვის,
საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ.
– პირველი ნამუშევრები…
– პირველი ჩემი ნამუშევრები სადიპლომო ჩვენებაზე წარვადგინე, „შემოდგომის“ სახელწოდებით. გამოყენებული მქონდა შიფონის, კრეპდიშინის მსუბუქი და ჰაეროვანი ქსოვილები, ქვედატანი, საყელოები და მანჟეტები. იმ დროს 1994 წელს თბილისში არანაირი მძივი არ იშოვებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, ბუნებრივი მასალა გამომეყენებინა. დავქარგე ვაშლის,  ნესვის, საზამთროს კურკებით და ნიჟარებით. ეს ცალკე თემაა რამდენს ვჭამდით ვაშლს. ამიტომ ყველას მოჰქონდა – მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს…
ყველა მოდელს თავისი შესაფერისი ყელსაბამი გავუკეთე. რადგან იმ დროს ფიზიკურად მძივები არ იყიდებოდა, ისინიც ვაშლის კურკებით და ნიჟარებით იყო დამზადებული.
ხელნაკეთ ყელსაბამებ დამზადებულია ქსოვის სხვადასხვა ტექნიკით, იყენებთ მძივებ, კრისტალებსა და ბუნებრივ ქვებ... რომელ ნამუშევარი მოგწონთ თავად  ყველაზე მეტად?
– სიმართლე გითხრათ, ძალიან კრიტიკული ვარ ჩემი თავის,  აუცილებლად უნდა მომწონდეს,  რა თქმა უნდა, მომხმარებელსაც, თუ შეკვეთა მაქვს.
არის ყელსაბამები, რომლებსაც არ ვყიდი, ესენი ჩემი საკუთარი ყელსაბამებია.  ისეთები, კეთების მომენტში, რომ მიხვდები  – შენია (შენს ხასიათთან და სტილთან ახლოს არის).
– როგორ ქმნით? შთაგონებით?
–   ესკიზს არასოდეს ვაკეთებ, ეს ყველაფერი წარმოსახვით ხდება, შეიძლება ძალიან ლამაზი სამოსის ფოტო ვნახო და წარმოვიდგინო, რა ყელსაბამი დაამშვენებდა და ასე შეიქმნას ახალი ნაკეთობა, შეიძლება აფრიკელი გოგოს ფოტო შემხვდეს და ყელსაბამი აფრიკულ სტილში დამზადდეს, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა – განწყობას, წელიწადის დროს, მუსიკას, ბავშვობის წლების ნოსტალგიას… და ამ თემაზეც შეიქმნა კოლექცია.
  ჰობი…
– გიტარაზე დაკვრა. ძალიან მიყვარს ქუჩაში სეირნობა და ძველი შენობების, ულამაზესი კარების  დათვალიერება, რომლებიც სოლოლაკში და პლეხანოვზე მრავლად არის.
– ოჯახი…
– ოჯახში მე, დედაჩემი და ჩემი შვილი მარიამი ვცხოვრობთ. მყავს უფროსი ძმა, ძმისშვილები და მათი შვილები.
– გამოფენები… გეგმები…
–  პანდემიის პერიოდში ნამუშევრებს სხვადასხვა ჯგუფში ვდებდით და ასე ვახდენდით მათ რეალიზაციას და სწორედ მაშინ შეიქმნა ჩემი ნამუშევრების გვერდი – „ტორსი –Torsi by Toma.k.
მქონდა გამოფენები, ჩვენებები „მეტეხში”, 2002 წელს  პერსონალური გამოფენა „კლუბ 22”,  2017-2019 წლებში – ამერიკის შეერთებულ შტატებში, NY-ში.  ჩვენება მქონდა გრიბოედოვის თეატრში, შარდენზე, „ცისფერ გალერეაში“(გამოფენები).
ვმონაწილეობდი გადაცემაში – „მარჯვე ხელები”, რომელიც „რუსთავი 2“-ზე გადიოდა. სიმართლე გითხრათ,  დიდი სიამოვნებით გავმართავდი გამოფენას. აქედანვე ვემზადები.

                                                                                               

                                                                                                        თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები