არჩილ თალაკვაძე: უნდა ვივარაუდოთ, რომ ფარცხალაძის ადვოკატები გაარკვევენ დეტალებს
“ჩემი აზრით, ფარცხალაძე არ არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იმუშავებდა და თავის ქვეყანას ძირს გამოუთხრიდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დეტალებს, სავარაუდოდ, ფარცხალაძის ადვოკატები გაარკვევენ.
„სანქციების ამ რაუნდში 200-ზე მეტ ადამიანზე გამოსცა აშშ-ის მთავრობამ გადაწყვეტილება და ამ 200 ადამიანში შედიან მთელი მსოფლიოდან პირები, რომლებიც ბიზნესს, მედიას თუ სხვა სექტორს წარმოადგენენ. ამავე დოკუმენტში არის იმ კომპანიების სიაც, რომელთაც მოეხსნათ სანქციები. არის ომი უკრაინაში, ძალიან დიდია ინფორმაციის ნაკადები, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ სხვადასხვა აქტორებს მიაქვთ და აგზავნიან აშშ-ში ინფორმაციებს, რაზე დაყრდნობითაც ერთ შემთხვევაში გამოიცემა სანქციები, მაგრამ გვაქვს მაგალითები, როცა ადამიანებს ეხსნებათ სანქციები. გახსოვთ, რომ აბრამოვიჩიც იყო სანქციების ქვეშ. საზოგადოებას მინდა შევახსენო საქართველოში სანქციების ჯგუფის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც შეამოწმეს ფისკალური, საბაჟო და სხვა სისტემები და თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძლიერი სისტემა და ხელისუფლება ზედმიწევნით ასრულებს სანქციების მოთხოვნებს. თუ ვინმე საქართველოს გამოყენებით არღვევდა სანქციების რეჟიმს, ამაზე მსჯელობა საზოგადოებისთვის მიმინდვია. ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბატონი ფარცხალაძის ადვოკატები გაარკვევენ დეტალებს. რაც შეეხება ჩემს პირად მოსაზრებას, იმ ინფორმაციით, რაც 10 წლის წინ სახელმწიფო სექტორში მისი მუშაობის დროს ჩემთვის ცნობილი იყო და საჯარო წყაროებით ჩემთვის ცნობილია, ფარცხალაძე არ არის, ჩემი აზრით, ის ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იმუშავებდა და თავის ქვეყანას ძირს გამოუთხრის. ჩემი მოსაზრება ასეთია, პირველ ყოვლისა, ალბათ, ადვოკატებმა უნდა მიიღონ ინფორმაცია, რას ეფუძნებოდა ეს სანქციები”, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. მათივე ცნობით, სანქციების ახალი პაკეტი ერთ-ერთ უმსხვილესია ამ დრომდე დაწესებულ შეზღუდვებს შორის და 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე სანქციებს უწესებს ქართული წარმოშობის რუს ოლიგარქს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც უსაფრთხოების ფედერალური სამსახური („ეფესბე“) იყენებდა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან ამავე წლის 30 დეკემბრამდე იკავებდა.