იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილება, რომელიც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს.
პარლამენტის ინფორმაციით, პროექტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი 3 ეტაპისგან შედგება.
პირველ ეტაპზე, კანდიდატების მხარდაჭერისთვის აუცილებელი იქნება საერთო შემადგენლობის 3/5 ანუ 90 ხმა. იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხდა კანდიდატების მხარდაჭერა, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, სადაც საჭირო იქნება 76 ხმა. თუ ამ ეტაპზეც ვერ მოხდა საჭირო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მომდევნო პლენარულ სხდომაზე გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა და კანდიდატებს არჩევისთვის კვლავ დასჭირდებათ 76 დეპუტატის ხმა. თუ მესამე კენჭისყრითაც ვერ მოხდა არჩევა, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს კენჭისყრიდან 1 კვირაში გაუგზავნის ცესკოს წევრობის კანდიდატის/კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სიას და შესაბამის საკონკურსო დოკუმენტაციას. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან 1 კვირაში იმავე სიაში შემავალ პირთაგან 5 წლის ვადით დანიშნოს ცესკოს წევრები და ცესკოს თავმჯდომარე. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, კანონპროექტში გათვალისწინებულია ევროკომისიის რეკომენდაცია.
„სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის შეფასებაში, საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტული ამოცანის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, გამოთქმული იყო რეკომენდაცია ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის არსებული წესის გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენ პასუხისმგებლობით ვუდგებით ყველა ჩვენი პარტნიორის რეკომენდაციას და განსაკუთრებით, როცა ეს 12- პუნქტიანი გეგმის შესრულებას ეხება. დაახლოებით ერთი თვე დარჩა ევროკომისიის დასკვნამდე. ამიტომ, ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.